სვანური სიმღერების ჰარმონიული ინტერვალური სტრუქტურების ცვლილებათა მოკვლევა 1959-1971 წლების საველე აუდიოჩანაწერების გამოთვლით ანალიზზე დაყრდნობით
Resumen
წინამდებარე კვლევა იძიებს სვანური პოლიფონიური სიმღერების ჰარმონიულ ინტერვალურ სტრუქტურათა ისტორიულ განვითარებას 1959-1971 წლების საველე ჩანაწერებზე გამოთვლითი ანალიზის გამოყენებით. სვანური სიმღერები, საქართველოს სხვა რეგიონული მუსიკის მსგავსად, დასავლური ინტონაციებისგან განსხვავებულ წყობებს იყენებს, რომელთა ზუსტი ბუნება ჯერ კიდევ მსჯელობის საგანია. თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის ფოლკლორის ლაბორატორიის აუდიო არქივში ავთენტურად შესრულებული სვანური სიმღერების საველე ჩანაწერთა ვრცელი კოლექცია ინახება, რაც სიღრმისეული ანალიზის უნიკალურ შესაძლებლობას ქმნის.
ტრადიციული მუსიკალური ინფორმაციის ამოკრების (MIღ) მეთოდები, რომლებიც ფუნდამენტურ სიხშირეთა (F0) დადგენისთვის გამოიყენება, შეუსაბამოა ამ პოლიფონიური ჩანაწერებისთვის, რადგან ისინი მონოფონიურ წყაროებს მოითხოვს. თუმცა ღრმა დასწავლის სფეროს განვითარება ერთარხიანი პოლიფონიური ჩანაწერებიდან მრავალი
F0-ს შემცველი ნიშანდობლიობის რუკების განსაზღვრას შესაძლებელს ხდის.
ჩვენ გავწვრთვენით ღრმა დასწავლის მოდელი მრავალი F0-ის დადგენისთვის და ის კონსერვატორიის არქივში დაცული სვანური სიმღერების 136 ერთარხიან ჩანაწერზე გამოვიყენეთ. თითოეული სიმღერის ნაანგარიშები ჰარმონიული ინტერვალები გამოვიყენეთ ინტერვალური დისტრიბუციის სტატისტიკურ მოდელთა შესაქმნელად. ვასერშტაინის მანძილის მეტრიკაზე დაყრდნობილი იერარქიული კლასტერინგის გამოყენებით გამოვავლინეთ მსგავსი ჰარმონიული ინტერვალური დისტრიბუციის მქონე ჩანაწერთა კლასტერები.
ჩვენმა ანალიზმა ჰარმონიული ინტერვალური სტრუქტურების მკაფიო კანონზომიერებები გამოავლინა. კლასტერინგის შედეგები მუსიკალური ინტონაციის შესაძლო ცვლილებაზე და სვანური სიმღერების ინტერვალურ სტრუქტურათა დინამიკურ განვითარებაზე მიუთითებს. ამ კვლევას წვლილი შეაქვს სვანური მუსიკალური მემკვიდრეობის გააზრების საქმეში და წარმოგვიჩენს ეთნომუსიკოლოგიურ კვლევებში თანამედროვე გამოთვლით მეთოდთა გამოყენების ეფექტიანობას.
საკვანძო სიტყვები. გამოთვლითი ეთნომუსიკოლოგია, მუსიკალური ინფორმაციის ამოკრება, ისტორიული მუსიკოლოგია, აუდიო კორპუსის ანალიზი, ტონალური ორგანიზაცია, კლასტერების ანალიზი.
საკვანძო სიტყვები: გამოთვლითი ეთნომუსიკოლოგია; მუსიკალური ინფორმაციის მოძიება; ისტორიული მუსიკოლოგია; აუდიო კორპუსის ანალიზი; ტონალური ორგანიზაცია; კლასტერული ანალიზი;











