ქართული გრაგნილი ხელნაწერები - ინტერდისციპლინური კვლევა
Resumen
წინამდებარე სტატია წარმოადგენს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოლექციებში დაცული XIV-XIX საუკუნეების ლიტერატურული ტექსტების შემცველი გრაგნილების ინტერდისციპლინური კვლევის შედეგებს. კოდიკოლოგიისა და ხელნაწერის რესტავრაციის სფეროებში შესრულებული კვლევა ლიტერატურულ გრაგნილებს განიხილავს, როგორც გვიანი შუა საუკუნეებისა და ახალი დროის სოციალური და რელიგიური ურთიერთობების მნიშვნელოვან წყაროს. გარდა ამისა, ჩატარებული კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ხელი შეუწყოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-აღრიცხვის მიმართულების განვითარებას, შესაბამისად, განიხილავს ხელნაწერი ძეგლების კონსერვაციის თანამედროვე მეთოდებს.
კვლევის მსვლელობისას ხელნაწერი მასალის პალეოგრაფიული და თემატური თავისებურებების შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთა ქართული გრაგნილების დანიშნულების ორი ძირითადი მიმართულება - საეკლესიო და საერო. გაირკვა, რომ საეკლესიო დანიშნულების გრაგნილებზე ძირითადად გადაწერილია იოანე ოქროპირისა და ბასილი დიდის ლიტურგიებისა და ზიარების ლოცვების განსხვავებული რედაქციები. ტექსტებში გამოვლენილი სტრუქტურული ცვლილებები და რედაქციათა სიმრავლე გამოძახილია გვიან შუა საუკუნეებსა და ახალ დროში ბიზანტიური ტრადიციის ლიტურგიულ პრაქტიკაში, რომელსაც ქართული ეკლესია მოჰყვებოდა XIV ს-მდე, დაწყებული პროცესუალური ცვლილებებისა. ყველა ეს გრაგნილი, გადაწერილი ეტრატზე, ხასიათდება მრავლობითი დაზიანებით, რომელთა გამომწვევი მიზეზებისა და შესაძლო რისკების კვლევის საფუძველზე აღნიშნულ ერთეულებზე ჩატარდა პრევენციული საკონსერვაციო სამუშაოები.
საერო დანიშნულების გრაგნილები ასახავენ ხელნაწერი წიგნის სოციალიზაციის, ფართო სოციუმის წერილობითი ძეგლებით დაინტერესების პროცესს. აღსანიშნავია, რომ ეს გრაგნილები შეიცავენ ოჯახურ გენეალოგიებსა და ბოროტი ძალებისგან დამცავ ტექსტებს, ე.წ. ავგაროზებს. საერო გრაგნილები გადაწერილია სხვადასხვა ხარისხის ქაღალდზე, რაც დამოკიდებულია მომხმარებლის სტატუსსა და ფინანსურ მდგომარეობაზე.
გრაგნილების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარების შემდგომ ციფრული ვერსიების შექმნის მიზნით ერთეულები გადაეცემა დიგიტალიზაციის ლაბორატორიას.
ლიტერატურულ გრაგნილებსა და მათი კვლევის შედეგებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით ცენტრის ციფრული ჰუმანიტარიის სპეციალისტ მანუჩარ გუნცაძის მიერ იქმნება ქართული გრაგნილების მონაცემთა ბაზა, რომელიც განთავსდება ცენტრის ვებგვერდზე.
ქართული გრაგნილების შესწავლა ხორციელდება საქართველოს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საგრანტო პროექტის „გრაგნილი ხელნაწერების ინტერდისციპლინური კვლევა“ (FR 21-695, 2022–2025) ფარგლებში.
საკვანძო სიტყვები: ხელნაწერი; გრაგნილი; ლიტურგია; ავგაროზი; პრევენციული კონსერვაცია;











