ქვემო ქართლის მეტალურგიული კერების შესწავლისათვის
Resumen
საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთი რეგიონი - ქვემო ქართლი ის ტერიტორიაა, სადაც გვხვდება კაცობრიობის წარმოშობა-განვითარების ამსახველი ყველა პერიოდის არქეოლოგიური ძეგლი ქვედა პალეოლითიდან დაწყებული გვიანდელი შუა საუკუნეების ჩათვლით. აქ მიკვლეულ სხვადასხვა ხასიათის ძეგლებს შორის განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მეტალურგიულ წარმოებასთან დაკავშირებული არქეოლოგიური ობიექტები თუ ცალკეული აღმოჩენები.
ქვემო ქართლი გამოირჩევა წიაღისეული სიმდიდრეებით, რაც სხვა მიზეზებთან ერთად ამ რეგიონის უძველესი დროიდანვე ინტენსიური ათვისების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. აქაური სპილენძისა და რკინის საბადოების სიხშირე, საწვავი ტყის არსებობა, ყველა პირობას ქმნიდა მეტალურგიის ჩასახვა-განვითარებისათვის.
სტატიის მიზანია სპეციალისტებსა და საკითხით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრეს გააცნოს ქვემო ქართლში, ისტორიული გარდაბნის პროვინციის ტერიტორიაზე მიკვლეული არქეოლოგიური მასალა, რომელიც მნიშვნელოვანი წყაროა ამ რეგიონის წინაანტიკური ხანის მეტალურგიული წარმოების შესასწავლად.
საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოთარ ლორთქიფანიძის სახელობის არქეოლოგიური კვლევების ინსტიტუტის ექსპედიციამ (ხელმძღ. ბ. მურვანიძე) დაზვერვითი სამუშაოები ჩაატარა მარნეულის მუნიციპალიტეტში მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე. სოფელ პირველ ქესალოსთან, მტკვრისპირა ფლატის ჭრილში, კერამიკულ ნაწარმთან ერთად აღმოჩნდა სატეხის ქვის ყალიბი. ლაბორატორიული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ყალიბში ბრინჯაოს სატეხები ისხმებოდა. ანალოგიური ქვის ყალიბები აღმოჩენილია შიდა ქართლში - ცხინვალის ნაცარგორის გათხრებისას. პირველი ქესალოს არქეოლოგიური მასალა დათარიღდა ძვ. წ. VIII-VII სს-ით.
ნამოსახლარზე მიკვლეული ქვის ყალიბი იმაზე მიუთითებს, რომ ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში ამ მიდამოებში არსებობდა მელითონეთა სახელოსნო, სადაც სხვა ნივთებთან ერთად ბრინჯაოს სატეხებიც მზადდებოდა. ამრიგად, ლითონის წარმოებით განთქმულ ქვემო ქართლის რეგიონს შეემატა კიდევ ერთი მეტალურგიული კერა.
საკვანძო სიტყვები: ამიერკავკასია; სამხრეთ საქართველო; მეტალურგია; ლითონის წარმოება; მეტალურგიული კერა.











