სამარხეული სამკაული დმანისის შუა საუკუნეების სამაროვნიდან - გულსაკიდი ჯვრები
Resumen
სტატია ეძღვნება შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი გამორჩეული ურბანული ცენტრის, ქალაქ დმანისის სამაროვანზე აღმოჩენილი სამარხეული მასალის, კერძოდ გულსაკიდი ჯვრების კვლევას. სტატიაში შევეცადეთ თვლსაჩინოდ წარმოგვედგინა ამ სამაროვანზე გამოვლენილი არქეოლოგიური მასალა, დაგვეზუსტებინა მათი აღმოჩენის ადგილი და გარემოებები, განგვესაზღვრა სამარხეული ძეგლები ქრონოლოგიური და ფუნქციური, აგრეთვე ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო თვალსაზრისით.
დმანისის, როგორც ციხე-ქალაქის ფორმირების პროცესი IX საუკუნიდან დაიწყო. XII-XIII საუკუნეებში, საქართველოს სამეფო ხელისუფლების მცდელობით, ის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო-სტარტეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ცენტრი ხდება. ამიერკავკასიის სხვა ქალაქების მსგავსად, დმანისის მოსახლეობაც, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებით გამოწვეული მიგრაციული პროცესების წყალობით, მრავალეთნიკურობითა და მულტირელიგიურობით უნდა ყოფილიყო გამორჩეული.
დმანისის ნაქალაქარის შუა საუკუნეების სამაროვნის კვლევის პროცესში მოპოვებული არქეოლოგიური მასალა, შუა საუკუნეების ქართული ქალაქების მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და კონფესიური შემადგენლობის, მათი ყოფა-ცხოვრების სურათის ამსახველ უძვირფასეს წყაროდ გვევლინება.
დმანისის შუა საუკუნეების სამაროვანზე გამოვლენილი და ჩვენს მიერ სტატიაში წარმოდგენილი გულსაკიდი ჯვრები განვითარებული შუა საუკუნეებით (XI-XIII სს) თარიღდება. ისინი ძირითადად, ისევე როგორც სხვა სამარხეული მასალა (სამკაული), ბავშვებს ან მოზრდილებს ეკუთვნით. მოცემულ ქრონოლოგიურ დიაპაზონში დადასტურებული ამგვარი ტენდენცია, უამრავავ პარალელს პოვებს სხვა ქრისტიანულ სამარხეულ ძეგლებთან მიმართებაში, როგორც საქართველოში, ისე დანარჩენ ქრისტიანულ სამყაროში.
ჩვენს მიერ განხილული გულსაკიდი ჯვრები, სხვა თანხმლებ სამარხეულ მასალებთან, ასევე სამარხეულ სტრუქტურებთან და მიწისზედა მემორიალურ ძეგლებთან ერთად, უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას გვაწვდის ქალაქის მოსახლეობის ყოფა-ცხოვრების, რელიგიური მრწამსისა და ტრადიციების, დაკრძალვის წეს-ჩვეულებების, მათ შორის ძველი, ქრისტიანობამდელი ჩვეულებების გადმონაშთების და სხვა მოვლენათა შესახებ.
საკვანძო სიტყვები: დმანისი; შუა საუკუნეები; არქეოლოგია; სამარხი; საფლავის ქვა; სამარხეული მასალა; გულსაკიდი ჯვარი;











