ეთნიკურ უმცირესობათა კულტურული თვითმყოფადობა და საქართველოში მათი ინტეგრაციის გამოწვევები
Resumen
ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების თემა ყოველთვის იკავებდა მნიშვნელოვან ადგილს საქართველოს კულტურის ფორმირების და განვითარების საკითხებში. აღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანი და აქტუალურია თანამედროვე ქართული სახელმწიფოს პოლიტიკის განსაზღვრის პროცესებში სხვადასხვა დარგში. ამას მოწმობს ახლად მიღებული სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის 2021 − 2030 წლების სახელმწიფო სტრატეგია, საქართველოს სახალხო დამცველის და მასთან არსებული ცენტრების მიერ მომზადებული საინფორმაციო დოკუმენტები და საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმება, რომელიც აზუსტებს, რომ სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მხარეთა საერთო ღირებულებებზე დაფუძნებული ფუნდამენტური თავისუფლებები, ადამიანის უფლებები, მათ შორის იმ პირების უფლებები, რომლებიც მიეკუთვნებიან უმცირესობებს. შესაბამისად, სტატიის აქტუალობა გამომდინარეობს ერთიანი საზოგადოების დამკვიდრების შესახებ სახელმწიფოს პოლიტიკიდან და ემსახურება აღნიშნული ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციას მათი ფასეულობების, იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებით.
სტატიაში განხილულია საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ თვითმყოფადობა და საქართველოში მათი ინტეგრაციის შემაფერხებელი საკითხები, მათ შორის განათლების, ენის თუ მატერიალურ კულტურასთან დაკავშირებული თემები. სტატიის მიზანია აღწეროს და განიხილოს საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ, რელიგიურ და ეროვნულ უმცირესობების კულტურული თვითმყოფადობის სხვდასხვა ელემენტი. ასევე, მნიშვნელოვანია გაანალიზდეს როგორ ხდებოდა კულტურული თვითმყოფადობის გამოვლინება წარსულ დროში და რა ვითარება თანამედროვე საქართველოში ამ კუთხით. ნიშანდობლივი იქნება ასევე აღინიშნოს ის გამოწვევები და შემაფერხებელი ფაქტორები რომლებიც ამ ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაციას უკავშირდება. სტატია ასევე ეხმიანება სახელმწიფო პოლიტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტებს, სადაც მკაფიოდ არის დაფიქსირებული, რომ ეთნიკური, ეროვნული და რელიგიური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხები საჭიროებს ყოვლისმომცველ და კომპლექსურ მიდგომას.
საკვანძო სიტყვები: ეთნიკური უმცირესობა; რელიგია; ინტეგრაცია; კულტურა; მრავალფეროვნება; ტრადიციები.











