ქართველთა ეთნო -კულტურული ყოფის რამდენიმე საკითხი (აჭარული, ტაო-იმერხევის მასალების მიხედვით)
Resumen
საანალიზო ნაშრომში წარმოავდგენთ აჭარაში (სოფელ დიდაჭარის, მარეთის, ხიხაძირისა და ჭვანას ხეობათა სოფლების) და ტაო-იმერხევის ქართულ სოფლებში მოძიებულ, საზოგადოებრივ-ყოფით-კულტურული ურთიერთობებზე, ქართულ ეროვნულ ცნობიერებაზე გავლენის მოხდენის და „წვევნული მსხვერპლობიდან“ თავდახსნის ამსახველ ახალ ეთნოგრაფიულ მასალებს. ვიმსჯელებთ საქართველოში ცნობილი, გვარის განაყოფის სახელების („სახლი“, „ძირი“, „ფუძე“, „საბუდებელი“, „გვარზიები“...) შინაარსობრივ-ფუნქციური თვალსაზრისით მსგავსი, აჭარული „გობეგის“ და „განარიგის“ შესახებ.აღნიშნული პატრონიმული ერთეულების შექმნის ისტორიის, შინაარსისა და ფუნქციის ამსახველი, დღემდე ნაცნობი და უცნობი სინამდვილის წყარო, ახალი ეთნოგრაფიული მასალები საშუალებას გვაძლევენ თანმიმდევრულად შევისწავლოთ თურქულ-ქართული და რუსულ-ქართული იძულებით პოლიტიკური ურთიერთობების საფუძველზე დამდგარი მენტალობის და კულტურული მოზაიკურობის, მყოფადობის(/„ცხოვრების წესი“) დაცულობა-გადარჩენის შესახებ; მტრის მიერ „შემოზღუდულ“ პოლიტიკურ-სოციალურ, გაუნათლებლობის საზღვარში მოქცეულ აჭარელთა და ტაო-იმერხევის ქართველთა „ძალადობის მსხვერპლად ქცევის“ შესახებ.
საკუთარი ეთნოსის დანარჩენ ნაწილთან კომუნიკაციური შესაძლებლობების არ ქონის მიუხედავად, „ჩვენ“ და „ისინის“ ცოდნის საფუძველზე აჭარელმა და ტაო-იმერხეველებმა ენა, თვითშეგნება, ეთნიკურობის სხვა ყოფით-კულტურულ მახასიათებლები შეინარჩუნეს, „ქართულობისაგან არ წავიდნენ“ გათვლილი და თანმიმდევრული „ჩვენებურობის დაცვის, რიგიანი, დროით გამოცდილი ჯილაგის და რჯულის კანონით ცხოვრებით“.
ჩვენ მიერ განსახილველად გამოტანილი ტერმინებით, ტოპონიმებით, სხვა და სხვა სახის ეთნოგრაფიული მასალით ირკვევა, რომ მათგან ქართული მსოფლხედვის გადარჩენის საფუძველი საკუთარის სხვებისაზე უპირატესად დასახვა-გამორჩევასთან ერთად იყო თვითმყოფადობა; ქართულ-ქართველურის გადარჩენის („ქართველებთან ერთი ბურჯები ვართ. ამიტომ მივმართავთ ასე, „ძმაო“; „ქრისტიანი ვარ ნაციით, სარწმუნოებით ვარ მუსულმანი“) განმაპირობებელი იყო, ლავირებული ქმედება(/„ქცევის პოლიტიკა“), უცხო კულტურის და ყოფის ელემენტებთან დიალოგური ურთიერთობები, აქტიური ინტოლერანტულობის შესანიღბი დისციპლინირებულობით და მართული მოჩვენებითი კომპრომისულობა; ისტორიული ურთიერთობებით ნაკარნახევი ფსიქოლოგიის(/„შინაგანი ხმა“) გადამრჩენი მუდმივი მზაობა.
ოსმალო და რუსი, საბჭოელი მმართველების(/„რუსკომუნისტი“) „დაზაბორების“, ადგილობრივთა „მსხვერპლად ქცევის“, „გაბეჩებული“ მდგომარეობის მიზეზი მტრის „დამქაში შინაურების“ „ნაჩალნიკური აზროვნება“, „წინ წყალი და უკან მეწყერის“ პოლიტიკის შედეგი იყო ავტოქთონ ქართველთა ნაწილის თვითშეგნების ცვლის, სოციალურ-კულტურულად „უკანდახეული“ მდგომარეობაც.
საკვანძო სიტყვები: „საბუდებელი“; „გვარზიები“; მყოფადობა(/„ცხოვრების წესი“); ლავირებული ქმედება(/„ქცევის პოლიტიკა“); ფსიქოლოგია(/„შინაგანი ხმა“); საბჭოელი მმართველების(/„რუსკომუნისტი“); „დაზაბორების პოლიტიკა“; „ნაჩალნიკური აზროვნება“.











