ხალხური ხელოვნების რამდენიმე ნიმუშის შესახებ საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან (საქალო ავეჯი)
Resumen
ნაშრომში შესწავლილია ძველი ქართული საქალო ავეჯის სახეობები, ფორმები, ფუნქციური დანიშნულება, ავეჯის დეკორში არსებული ორნამენტების მოხაზულობა და სიმბოლიზაცია.
სტატიაში განხილულია საქალო ავეჯის საცხოვრებელ კომპლექსში განლაგების წესი, რაც კერიას გარშემო სქესობრივი სეგრადაციის მიხედვით დაყოფილი სივრცით იყო განპირობებული. შევეხებით ხალხური ავეჯის ტრანსფორმაციის ეტაპებს.
კვლევის მიზანია, ქართული ავეჯის, როგორც მატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ძეგლის ცნობადობის გაზრდა. ის საჭიროებს როგორც სამეცნიერო კვლევასა და შესწავლას, ასევე რეალიზაციას სამეცნიერო წრეებში, საგანმანათლებლო სივრცესა და სამეწარმეო სექტორში. ქართული ავეჯის ცნობადობა განაპირობებს სამეწარმეო სექტორის მხრიდან მზარდ ინტერესს და ახალი ავეჯის შექმნისას საავეჯე მასალის შერჩევის, დამზადების ხალხური წესების, ტრადიციული ფორმების, მივიწყებული დეკორის ცოდნის გათვალისწინებას ახალ თანამედროვე ავეჯის შექმნის პროცესში, ეს პროცესი კი გარკვეულწილად ახალ სიცოცხლეს შესძენს ძეგლს.
სტატიის მიზანია ასევე აჩვენოს სქესობრივი ბალანსი ქართულ ეთნოგრაფიულ ყოფაში, რაც თვალნათლივ აღიქმება ქართული მატერიალური კულტურის ისეთ ძეგლებში, როგორიცაა ავეჯი, სამოსი, იარაღი და სხვ.
სტატია საინტერესოა ასევე ქართული ორნამენტის შესწავლის თვალსაზრისით, რადგან ხითხუროობაში გამოყენებული ორნამენტის სახეები ძირითადად არქაული და მრავალფეროვანია.
საკვლევი ობიექტია საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეთნოგრაფიულ ფონდებში დაცული XVIII-XX სს-ის ქართული ავეჯის სახეობები. პარალელურ მასალად გამოყენებულია ამავე მუზეუმის ფონდებში დაცული კავკასიელი ხალხების მიერ შექმნილი ავეჯის ნიმუშები.
კვლევა განხორციელდა პროექტის - „ძველი ქართული ნაქსოვი ორნამენტის სახეობების კვლევა და ტექსტილის ტრადიციული და თანამედროვე ტექნოლოგიებით დამუშავება“ ფარგლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით (გრანტი (FR-21-19932).
საკვანძო სიტყვები: ავეჯი; საქალო; გენდერული; მასალა; ორნამენტი; სკივრი; სკამი; სამზითვო; ყუთი;











