ცრუსახელოიანი სამოსი ქართული კოსტიუმის ისტორიაში

  • NINO DATUNASHVILI ეთნოლოგიის დოქტორი საქართველოს ეროვნული მუზეუმის უფროსი სპეციალისტი http://orcid.org/0009-0004-7762-4345

Resumen

წინამდებარე ნაშრომი მიზნად ისახავს ქართველ დიდგვაროვანთა კოსტიუმის ერთ-ერთი უძველესი შემადგენელი ელემენტის - ცრუსახელოიანი სამოსის შესწავლას.

ეს გახლავთ პირველი ცდა, ინტერდისციპლინალური კვლევის საშუალებით, ისტორიულ ჭრილში წარმოვაჩინოთ ცრუსახელოიანი სამოსის ტიპები, თვალი მივადევნოთ მის სახეცვლილებას VI-XIX სს-ის მანძილზე და გავეცნოთ მათ სიმბოლურ არსს.

ამ ტიპის სამოსის მთავარ სახასიათო დეტალს გრძელი სახელო წარმოადგენს, რომელიც ხელის გასაყრელად არ იყო განკუთვნილი და დიდგვაროვანთა ერთგვარ განმასხვავებელ ნიშანს წარმოადგენდა. ქართულ რეალობაში ცრუსახელოები დადასტურებულია მოსასხამებზე, მოსაცმელებზე და კაბებზე. თავად ტერმინი „ცრუსახელოები“ ისტორიულ წყაროებში არ გვხვდება და შეიძლება ითქვას ეთნოგრაფიული მონაპოვარია, რომელიც ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრავს აღნიშნული ელემენტის ფუნქციურ დანიშნულებას.

ქართული კოსტიუმის კომპლექტში ცრუსახელოიანი სამოსის გაჩენა იმთავითვე აღმოსავლურ სამყაროს უკავშირდება. მის პირველ ნიმუშებს ჯერ კიდევ აქემენიდური ირანის რელიეფებზე ვხვდებით. შუა აზიის ძველი ცივილიზაციის კერებში (ხორეზმი, სოგდიანა, მარგიანა) არქეოლოგიური აღმოჩენების შედეგად მოპოვებული ნაყოფიერების ქალ-ღვთაება ანაჰიტას ტერაკოტული ფიგურებიც, ასეთი სახის მოსასხამებით წარმოგვიდგებიან. მსგავს ნიმუშებს ვხედავთ ბალალიკ-ტეპესა (VI ს.) და პენჯიკეტის (VII-VIII სს.) მხატვრობაშიც .

ქართველ დიდგვაროვანთა კოსტიუმის კომპლექტში სამოსის ეს სახეობა VI ს-დან ჩნდება ცრუსახელოიანი მოსასხამის სახით და XI ს-მდე ფიქსირდება. XI ს-დან XV ს-მდე კი სავარაუდოდ გამოდის ხმარებიდან, ვინაიდან მისი არსებობა ფაქტობრივი მასალით,  აღნიშნულ პერიოდში, მხოლოდ ერთი შემთხვევით დასტურდება - კავკასიძეების ციხის XIII ს-ის II ნახევრის ეკლესიის მოხატულობაში შემორჩენილი ქალის გამოსახულების წელს ქვედა არე, ცრუსახელოიანი მოსასხამითაა წარმოდგენილი. XV ს-ში, სამოსის ეს სახეობა კვლავ ბრუნდება რამდენადმე სახეცვლილი სახით და XIX ს-ის ბოლომდე  ქართული სამოსის განუყოფელი ელემენტია.

X ს-ში მოსასხამების  პარალელურად ცრუსახელოიანი კაბის სამი ტიპი იკვეთება. XIII-XIV სს-ის მიჯნაზე ფიქსირდება მეოთხე ტიპი - ორმაგსახელოიანი კაბისა. XVI ს-ში კი დამოწმებულია მეხუთე ტიპი - ხელის გასაყრელი უსახელო ჭრილითა და იღლიის ქვეშ დაშვებული ცრუ სახელოთი.

XVI ს-ში ჩნდება ასევე, ორი სახის ცრუსახელოიანი მოსაცმელიც.  

სამოსის იერსახის ჩამოყალიბებაში დიდ როლს თამაშობდა, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული მდგომარეობა, ასევე ქვეყნის საგარეო ორიენტაციის საკითხები და კონტაქტები გარემომცველ სამყაროსთან. შესაბამისად, ყოველი ეპოქის თავისებურება გარკვეულ კვალს ტოვებდა სამოსის იერსახეზე. ამის ნათელი მაგალითია სწორედ ცრუსახელოიანი სამოსი.

 

საკვანძო სიტყვები: ცრუსახელოიანი; მოსასხამი; კაბა; მონუმენტური მხატვრობა; საერო პირი; ორნამენტი;

Publicado
2024-06-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - ეთნოლოგიის სექცია