ისტორიული კონტექსტის მნიშვნელობა უძველეს ქართულ ლიტერატურულ ძეგლებში და მათი დაწერის თარიღის განსაზღვრის დისკურსში
Resumen
ძველი ქართული მწერლობის დასაწყისს მრავალი ქართველი მეცნიერი იკვლევს. უძველესი ლიტერატურული ძეგლების დაწერის ზუსტი დროის განსაზღვრა ხშირად ძალიან რთულია და საკამათო, ვინაიდან, დროის ფაქტორის გათვალისწინებით, ბევრი რამ ბურუსითაა მოცული და ამჟამად ჭეშმარიტების დადგენა მხოლოდ გარკვეული ნიუანსების ანალიზსა და გონივრულ ლოგიკაზეა დამოკიდებული. აღნიშნულ საკითხს გარკვეულწილად შევეხებით წინამდებარე კვლევაში, თუმცა აქვე დავძენთ, რომ ამ საკითხის დაზუსტება ერთი კვლევით ვერ ამოიწურება, რადგან იგი ფუნდამენტურ და ხანგრძლივ კვლევას საჭიროებს. აქედან გამომდინარე, ჩვენი კვლევა ერთ რიგით მცდელობად მიგვაჩნია ამ უაღრესად საინტერესო საკითხის შესწავლის საქმეში. ამასთანავე, ჩვენი კვლევის არეალს ძირითადად შემოვფარგლავთ ჰაგიოგრაფიული ძეგლის - ,,წამებაი ყრმათა წმიდათაი რიცხვით ცხრათაის’’ მაგალითზე.
ჩვენ მივიჩნევთ, რომ ,,წამებაი ყრმათა წმიდათაი რიცხვით ცხრათაის’’ მაგალითის განხილვა, ფრიად საინტერესოა, წინამდებარე ნარკვევის სათაურით განსაზღვრებულ კონტექსტში, ვინაიდან, სწორედ ეს ნაწარმოები მიგვაჩნია საქართველოში ქრისტიანობის ერთგვარი ფეხის ადგმის პროცესის ამსახველად ქართულ ლიტერატურაში, ამავდროულად, იგი, ასევე უმნიშვნელოვანესია ისტორიული წყაროს დანიშნულებითაც.
,,წამებაი ყრმათა წმიდათაი რიცხვით ცხრათაიში’’ აღწერილი სიუჟეტი იმ დროის აქტუალური და პრობლემატური შინაარსით გამოირჩევა, როცა ქრისტიანობასა და წარმართობას შორის გაცხოველებული ურთიერთჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობდა. საინტერესოა, რომ ამ ნაწარმოების დაწერის თარიღთან დაკავშირებით ცალსახა და დაზუსტებული პოზიცია არ არსებობს, უფრო მეტიც, განსხვავებული და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავი დასკვნები იკვეთება სხვა და სხვა მეცნიერთა მხრიდან, რაც ჩვენს კვლევას კიდევ უფრო მეტ აქტუალობას სძენს.
საკვანძო სიტყვები: ისტორიული დისკურსი; თარიღი; ლიტერატურული ძეგლი; ჰაგიოგრაფია; ისტორია;











