ქსნის ხეობის სოფელ ილურთკარის ისტორიიდან

  • DAVID AKHLOURI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძისქ., №53,1400, საქართველო, https://orcid.org/0000-0002-1068-4042

Resumen

ნაშრომში საუბარია ქსნის ხეობის ნასოფლარ ილურთკარზე. საკითხის კვლევისას პირველ რიგში ვახდენთ სოფლის ლოკალიზაციას.

ილურიძეები ქსნის ხეობაში სამტრედიის სოფელ ილორიდან უნდა უყვნენ მოსულები, რაზეც საუბარია ქსნის ხეობის ისტორიის მკვლევარების, მათ შორის სერგი მაკალათიასა და როლანდ თოფჩიშვილის ნაშრომებში. ამას ადასტურებენ სოფლის მკვიდრნიც.

ილურთკარის ტერიტორიაზე რამდენიმე ქრისტიანული ეკლესია და სალოცავი ნიში მდებარეობდა, მათგან ბოლო დრომდე შემორჩა წმინდა გიორგის სახელობის ორი ტაძარი, ერთი ლევანაანის და მეორე აბრამიანის ტერიტორიაზე. ლევანაანში ილურიძეები ეჭეფობას აღნიშნავდნენ. ჭურთის ხეობის კიდევ ერთი სოფელი, სადაც ილურიძეები ცხოვრობდნენ, მეწყერია. აქ მდებარე ცეცხლიჯვრის ეკლესია გვარის საერთო სალოცავი იყო.

სოფელ ილურთკარის შესახებ ცნობები მოგვეპოვება გერმანელი მოგზაურის იოჰან (ანტონ) გიულდენშტედტის ჩანაწერებში, საყურადღებოა XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობები, სადაც ილურთკარის მოსახლეობაზეა საუბარი. სოფლის მთელი ისტორიის მანძილზე აქ მხოლოდ ერთი გვარის ხალხი ცხოვრობდა.

ნაშრომში მიმოხილულია XVIII-XX საუკუნეების სხვადასხვა ხასიათის აღწერები, რომელიც საშუალებას გვაძლევს, განვსაზღვროთ სოფელში წლების მანძილზე არსებული დემოგრაფიული და ეკონომიკური ვითარება, გამოკვეთილია მოსახლეობის მიგრაციის მარშუტები, რომელსაც არცთუ იშვიათად ჰქონდა ადგილი. ბოლოს ილურიძეები დამკვიდრდნენ მეზობელ სოფელ დორეთკარში, იგი თავის დროზე ქსნის ხეობიდან გადასახლებულ დორეულებს ეკუთვნოდათ. ხეობიდან დორეულების მიგრაციის შემდეგ იქ ჯერ ჩრდილო კავკასიიდან გადმოსული ოსები დასახლდნენ, შემდეგ კი მათ ილურიძეებიც შეურთდნენ.

მეწყერელი ილურიძეების მემკვიდრედ ითვლებიან სოფელ ვილდაში გადასახლებული ელიაურები, რომლებიც ქრისტიანულ დღესასწაულებს მამაპაპისეულ სალოცავებში აღნიშნავდნენ.

ილურიძეები ეთნიკური ქართველები არიან, რაც მითითებულია XVIII- XIX საუკუნეების აღწერებში. საკავშირო აღწერების დროს კი ლევანაანთკარსა და მეწყერში მცხოვრებთ ეროვნების გრაფაში ოსი უწერიათ, აბრამიანკარის ილურიძეებს კი - ქართველი. ამ საკითხს ეხება რ. თოფჩიშვილი, რომლის დასკვნით, ილურიძეების გარკვეული ნაწილის ოსთა ეთნოსისადმი მიკუთვნებას განსაზღვრავდა ოჯახის ოსი რძლის, დედის როლი, „რომელმაც ამ გვარში შემოიტანა ოსური ენა, ყოფა და რიგი წეს-ჩვეულებები“.

ჭურთის ხეობაში მცხოვრები ილურიძეების ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და მეცხოველეობა იყო, მისდევდნენ საკარმიდამო მიწათმოქმედებასაც.

დღეს ილურიძეები ძირითადად ცხოვრობენ თბილისში, კასპში, გორში, ახალგორში, რუსთავში, დუშეთსა და დედოფლისწყაროში.

საკვანძო სიტყვები: ჭურთის ხეობა; ფიცხელაურის სამოურავო; დემოგრაფიული ნუსხებ;, ერისთავის ყმები; მეწყერის საზოგადოება; დღიური მიწა; ეკლესია-მონასტრები; მიგრაცია; ნასოფლარები.

Publicado
2024-06-26
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია