თბილისის XIX საუკუნის საერო არქიტექტურის ისლამური ორნამენტები

  • EKATERINE KARSELISHVILI გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი http://orcid.org/0009-0002-7768-7392

Resumen

XVIII- XIX საუკუნეები თბილისის ისტორიისთვის მნიშვნელოვანი ხანაა, რაც არაერთ საგულისხმო მოვლენასა და კითხვას წარმოაჩენს. მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანია აღმოსავლური გავლენის კვალი თბილისის სამოქალაქო ხუროთმოძღვრების სამკაულში, რომელიც ქართველი და უცხოელი ხელოვნებათმცოდნეების მიერ საფუძვლიანად კულტურულ კონტექსტში სინქრონული და დიაქრონიული ასპექტებით არ განხილულა. ასევე, არ გამოკვლეულა საკუთრივ არქიტექტურული ფორმების განვითარების ისტორია და XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის საქალაქო არქიტექტურის სხვადასხვა ასპექტი ფართო, ინტერდისციპლინურ ჭრილში. თუმცა ნათელია, რომ ისტორიული და კულტურული თვალაზრისით, უაღრესად საინტერესო ამ პერიოდის არქიტექტურას მნიშვნელოვანი ადგილი უკავია მხატვრული მიდგომების, ესთეტიკის, მხატვრული გემოვნების ჩამოყალიბების კონტექსტში. თემის მიზანია წარმოვაჩინოთ რა მიმართებაშია XVIII-XIX საუკუნეების მიჯნის ქართული სამოქალაქო არქიტექტურა და მისი უმთავრესი დეკორატიული ელემენტი-ორნამენტი აღმოსავლური ხელოვნების ტრადიციასთან - რაგვარადაა დაკავშირებული უცხოური გავლენები ქართულ ხუროთმოძღვრულ ორნამენტთან და რამ განაპირობა ამ პროცესების წარმართვა? საუკუნეების განმავლობაში, ქართული სახელმწიფოს გეოგრაფიული მდებარეობა ორი სამყაროს, დასავლეთისა და აღმოსავლეთის შესაყარზე ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა განსხვავებული კულტურული ტრადიციების სინთეზისთვის. ამ შემთხევაში ისტორიული კონტექსტთან ერთად უმნიშვნელოვანესია შემდეგი საკითხები: როგორ უყურებს რუსეთის იმპერიაში შემავალი საქართველო წარსულს, როგორ იაზრებს ის აწმყოს, განიხილავს კულტურულ პროცესებს რუსეთის იმპერიის გუბერნიიდან, თუ კავკასიის გეოპოლიტიკური ცენტრიდან? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში ვფიქრობ, დაგვეხმარება იმ დროის თბილისში გავრცელებული ორნამენტული სტილებზე (უფრო ძველი სპარსულ-ისლამური, თანამედროვე ორიენტალისტური, ქართული), მათ ურთიერთმიმართებაზე თვალის მიდევნება. ამდენად, ქართულ ხუროთმოძღვრებაში ამ ურთიერთგავლენის პროცესის, მისი განვითარების ეტაპების და საბოლოო შედეგის განხილვა უაღრესად საინტერესოდ გვესახება და ვფიქრობთ, უთუოდ მნიშვნელოვანი ცოდნის მომცემი იქნება იმდროინდელი ქართული მხატვრული გემოვნების გაცნობიერებისთვის, რომლის ფორმირებაშიც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა როგორც დამკვეთის, ასევე ხუროთმოძღვრისა და ზოგადად, საზოგადოებრივმა მსოფლაღქმამ.

საკვანძო სიტყვები: საქართველო; ირანი; ესპანეთი; ორნამენტი; სიმბოლო.

Publicado
2023-12-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - ხელოვნების ისტორია