მასალები ქართლის ფეოდალის, ვახტანგ (ორბელ) ორბელიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის უცნობი ასპექტების შესახებ
Resumen
წინამდებარე ნაშრომი ეძღვნება XVII საუკუნის ცნობილი ქართლელი ფეოდალის, ყაფლანიშვილთა ფეოდალური სახლის გავლენიანი და მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოღვაწის, ვახტანგ (ორბელ) ორბელიშვილის ცხოვრება-მოღვაწეობის დღემდე უცნობ ასპექტებს. ჩვენ ქართული წერილობითი წყაროების (ქართული ისტორიული საბუთები, ქართული ლაპიდარული წარწერები, ქართული ნაქარგობა, ხელნაწერის ანდერძი) ურთიერთშეჯერების საფუძველზე გავამდიდრეთ ჩვენი ცოდნა ვახტანგ (ორბელ) ორბელიშვილის ფეოდალური სახლისა და მისი ცხოვრება-მოღვაწეობის შესახებ:
ა) ორბელის რიგით მეორე ასულს სახელად ქეთევანი ერქვა, რომელიც გათხოვილი ყოფილა თეიმურაზ მუხრანბატონზე.
ბ) ქართულ ისტორიოგრაფიაში ორბელის გარდაცვალების თარიღთან დაკავშირებით სხვადასხვაგვარი მოსაზრება არსებობს. მეცნიერთა ერთი ნაწილი (იასე ლორთქიფანიძე) მის გარდაცვალებას 1696/1701 წლებს შორის პერიოდით, ხოლონ მეორე ნაწილი (ლევან მენაბდე) 1696 წლით ათარიღებს. აღნიშვნის ღირსია, რომ ჩვენამდე უცნობი იყო მისი საუკუნო განსასვენებლის ადგილმდებარეობა. ჩვენი ყურადღება მიიქცია ფიტარეთის ეკლესიის ყაფლან ორბელიშვილის საფლავის ეპიტაფიის გვერდით დაზიანებულმა საფლავის ქვის წარწერამ, რომელიც ვინმე ორბელს ეკუთვნის. ჩვენთვის საინტერესო საფლავის ქვის წარწერის ქრონოლოგიას ქართველი ისტორიკოსები: გიორგი ჩიტაია 1686 წლითა, ხოლო ექვთიმე თაყაიშვილი 1682 წლით განსაზღვრავს. თუმცა ორივე მეცნიერისათვის უცნობია თუ ვინ იგულისხმება სახელ ორბელში. ჩვენ ვითვალისწინებთ რა საფლავის ქვის სიახლოვეს ყაფლან ბარათაშვილის ეპიტაფიასთან და ამის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, რომ წინამდებარე საფლავის ქვა სწორედ ვახტანგ (ორბელ) ორბელიშვილის საფლავის ქვას წარმოადგენს, რომლის მიხედვითაც იგი 1686 წელს 49 წლის ასაკში გარდაცვლილა.
გ) იგი და მისი მეუღლე, არაგვის ერისთავის ასული თამარი კულტურულ-სააღმშენებლო საქმიანობითაც გამოირჩეოდა. მათ სახელს უკავშირდება არაერთი ხელნაწერის წიგნის შექმნა-შეკაზმვა, ქართული ეკლესია-მონასტრების აღდგენა-შეკეთება. სწორედ ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, ტანძიის წმინდა ნიკოლოზის ეკლესიის წარწერა. ქართველი მეცნიერები ეპიგრაფიკულ ძეგლს 1683 წლით ათარიღებენ. წინამორბედ მკვლევართაგან განსხვავებით, ყურადღებას ვამახვილებთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ XII საუკუნის თვენზე (S-4999) დართულ ერთ გვიანდელ მინაწერზე, საიდანაც ვიგებთ, რომ 1682 წელს ორბელ (ვახტანგ) ორბელიშვილსა და მის მეუღლეს, არაგვის ერისთავის ასულ თამარს 6 საეკლესიო წიგნი შეუწირავთ ტანძიის წმიდა ნიკოლოზის ეკლესიისათვის. 1682 წლისათვის წმიდა ნიკოლოზის ეკლესია უკვე აგებულია და ჩვენთვის საინტერესო ორბელის სავედრებელი წარწერაც მის სამხრეთ შესასვლელის თავზე უკვე ამოღარულია. ტაძრის მცირე ზომის პროპორციებიდან გამომდინარე, მის აშენების ქრონოლოგიას XVII საუკუნის 70-იანი წლების მიწურულითა და 1682 წლებით განვსაზღვრავთ.
საკვანძო სიტყვები: ეპიგრაფიკა; წარწერა; ისტორიული დოკუმენტი; ხელნაწერი; კოლოფონი;











