ONE INTERESTING GROUP OF GRAVES OF THE CEMETERY OF THE DMANISI MEDIEVAL TOWN
Resumen
სტატიაში წარმოდგენილია შუა საუკუნეების საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ურბანული ცენტრის, ქალაქ დმანისის სამაროვანისადმი მიძღვნილი კვლევა. კერძოდ, აქ დადასტურებული მეტად საყურადღებო მემორიალური ძეგლების ერთი ჯგუფის არქეოლოგიური, ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო და ეპიგრაფიკული გამოკვლევის შედეგები.
IX საუკუნიდან დაწყებული დმანისის ქალაქად ფორმირების პროცესი XII-XIII საუკუნეებში, საქართველოს სამეფოს მესვეურთა აქტიური ძალისხმევით, ამიერკავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამხედრო-სტარტეგიული, სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული ურბანული ცენტრის ჩამოყალიბებით დაგვირგვინდა. ამასთან, ჩვენმა კვლევებმა სავსებით ნათლად წარმოაჩინა, რომ ამ ქალაქის მოსახლეობის შემადგენლობა მულტიეთნიკურობით და მულტირელიგიურობითაც გამოირჩეოდა.
წერილობით წყაროებში საკმაოდ სუსტად ასახული დმანისის ისტორია, დღესდღეობით უმეტესწილად არქეოლოგიური კვლევის შედეგებით მოპოვებული ინფორმაციით ივსება. პრაქტიკულად, მხოლოდ ეს მასალა გვაწვდის ქალაქ დმანისის შუა საუკუნეების მოსახლეობის დასაქმების სფეროების, სოციალური და ეთნიკურ-კონფესიური დიფერენციაციის, მათი ყოფა- ცხოვრების თავისებურებების შესახებ ფაქტობრივ დოკუმენტებს.
კონკრეტულად, დმანისის ნაქალაქარის ორგანული ნაწილის, შუა საუკუნეების სამაროვნის კვლევით მოპოვებული მასალა, შუა საუკუნეების მძლავრი ქართული ქალაქების მოსახლეობის სოციალური, ეთნიკური და კონფესიური შემადგენლობის სურათის ამსახველ უძვირფასეს წყაროდ გვევლინება.
მაგალითად, ჩვენი დაკვირვებით, დმანისის შუა საუკუნეების სამაროვანზე ჩანს კულტურულ ელემენტთა შერწყმის ისეთი შემთხვევები, როდესაც სხვადასხვა ეთნიკურ და კონფესიურ ჯგუფთა წარმომადგენლების მემორიალური ძეგლების − საფლავის ქვებისა თუ საფლავზედა ნაგებობების მოწყობა და იერ-სახე რამდენადმე ნიველირებულია. მთელი რიგი მემორიალური ძეგლების გაფორმებაში გამოკვეთილი შტრიხები ერთგვარ კულტურულ სინკრეტიზმზე მეტყველებს, რაც დღემდე შესწავლილ შუა საუკუნეების სხვა ქართულ ქალაქებში ჯერჯერობით არსად დადასტურებულა.
XII საუკუნის მეორე ნახევრიდან, დმანისის, როგორც სავაჭრო-ეკონომიკური ქალაქის განვითარების პარალელურად გაძლიერებული მიგრაციული პროცესების კვალდაკვალ, მანამდე არსებული ქალაქის ქრისტიანულ სამაროვანზე, ქართულ მემორიალურ ძეგლებთან ერთად ჩნდება სომხურწარწერიანი და არაბულწარწერიანი საფლავის ქვები, რაც სწორედ რომ ამ მიგრაციული პროცესების პირდაპირი ანარეკლია.
სტატიაში წარმოდგენილია დმანისის შუა საუკუნეების სამაროვნის სამარხთა ჯგუფი, რომელიც ამ სამაროვნის მუსლიმურ უბანზე 1970-1971 წლებში წარმოებული არქეოლოგიური სამუშაოების შედეგადაა გამოვლენილი (ვ. ჯაფარიძე, მ. გოჩიაშვილი). ამ გათხრებისას ნაქალაქარისაკენ მიმავალი გზის სიახლოვეს მდებარე №4 სწორკუთხა გეგმარების გუმბათიან მავზოლეუმის მიმდებარე, წრიული გეგმარების №3 მავზოლეუმის ნაშთების შიგნით დადასტურდა საოჯახო სასაფლაოს მოწყობის ფაქტი: ერთ ათეულზე მეტი სამარხისა და მიწისზედა მემორიალების − რამდენიმე სეგმენტისგან შედგენილი საფლავის ქვების მოწყობა, რომელთა ნაწილსაც არაბულწარწერიანი ეპიტაფიები გააჩნდა.
სამწუხაროდ, დმანისის ექსპედიცის ამ აღმოჩენისადმი მიძღვნილი საფუძვლიანი პუბლიკაციის წარდგენა სამეცნიერო საზოგადოებისადმი, იმხანად, ობიექტურ მიზეზთა გამო ვერ მოხერხდა (დაიბეჭდა მხოლოდ მოკლე ინფორმაცია ექსპედიციათა ანგარიშების კრებულში). ამიტომაც, ახლაღა შევეცადეთ წარმოგვედგინა ამ აღმოჩენის მნიშვნელობის შემაფასებელი, აუცილებელი ფაქტობრივი დეტალებითა და ანალიზის შედეგებით შევსებული სამეცნიერო გამოკველევა. ნაშრომი გარდა არქეოლოგიური მონაცემებისა, ეყრდნობა ამ კონკრეტული მემორიალურ ძეგლებზე ჩვენ მიერ ჩატარებულ ისტორიულ-სახელოვნებათმცოდნეო და ეპიგრაფიკული კვლევის შედეგებს.
საკვანძო სიტყვები: არქეოლოგია; ისლამი; დმანისი; შუა საუკუნეები; მავზოლეუმი; სამარხი; საფლავის ქვა.











