ცხინვალის რეგიონის ოკუპირებული ტერიტორიის პუბლიცისტური მემკვიდრეობიდან (ვასილ ბასიშვილი)
Resumen
ცხინვალის რეგიონის სამწერლო ასპარეზზე XIX-XX საუკუნეების გასაყარზე ხანმოკლე დროით გაიელვა ვასილ ბასიშვილმა. დაიბადა სოფელ ხეითში. მამა იმავე სოფლის მედავითნე გახლდათ, ხოლო დედა იმ დროისთვის ერთობ განათლებული ქალბატონი ნატალია ტიტვინიძე. სასკოლო ასაკისა დროებით საცხოვრებლად გადაჰყავთ გორში დეიდასთან. სწავლობდა გორის სასულიერო სემინარიაში, რომელიც დაასრულა წარჩინებით და უგამოცდოდ, სახელმწიფოს ხარჯზე. ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში. ამ დროს გარდაეცვალა დედა. ამ ფაქტმა უდიდესი ტკივილი მიაყენა ახალგაზრდა ვასილს.
თანამედროვეთა დახასიათებით იგი გახლდათ: ლმობიერი ხასიათით, მოსიყვარულე გულით, გატაცებული სწავლით, თავმდაბალი პატარასთან და დაკვირვებული მოლაპარაკე დიდთან.
პირველი ხარისხის დიპლომით დაასრულა თბილისის სასულიერო სემინარია და დაიწყო სამზადისი უცხოეთში სწავლის გასაგრძელებლად. განზრახვის სისრულეში მოყვანას ხელს უშლიდა უსახსრობა. ამ დროებით შეფერხების დროს მუშაობას იწყებს გორში, აღმზრდელის პოზიციაზე.
ვ. ბასიშვილმა მოღვაწეობა დაიწყო „ივერიაში“, „ცნობის ფურცელში“, „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში. მისი მოთხრობები და პუბლიცისტური ტექსტები იბეჭდებოდა ფსევდონიმით „ბასილ“. მოგვიანებით სწავლას განაგრძობს იურიევის უნივერსიტეტში.
სამწუხაროდ, ვ. ბასიშვილს დიდხანს არ დასცალდა სამოღვაწეო ასპარეზზე ყოფნა. უნივერსიტეტის დასრულებაც კი ვერ მოასწრო, მისი ტრაგიკული გარდაცვალების მომენტში მხოლოდ მე-3 კურსის სტუდენტი გახლდათ.
ასეთ ახალგაზრდა ასაკში, ბუნებრივია, ბევრის მოსწრება შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა მისი სახით უდავოდ ნიჭიერმა მწერალმა და პუბლიცისტმა მეტეორივით გაიელვა ცხინვალის რეგიონის შემოქმედებით ცაზე. ვ. ბასიშვილის რამდენიმე პუბლიკაციის ძირითადი იდეა განათლების მნიშვნელობის წინა პლანზე წამოწევა და მისი პოპულარიზაციაა.
ვ. ბასიშვილს სჯერა ქვეყანაში არსებული სასულიერო ხელისუფლების, იმედის თვალით უყურებს მომავალს და თვლის, რომ ამ მიმართულებით არსებული ყოველგვარი პრობლემა წარსულის კუთვნილებად იქცევა.
გარდა ამისა, ვ. ბასიშვილი თავგამოდებით იცავს ყველა იმ ქართველ სტუდენტს, რომლებიც რუსეთის და უცხოეთის სხვა უმაღლეს სასწავლებლებში არიან წასული განათლების მისაღებად.
საგანმანათლებლო საკითხების გვერდით, ვ. ბასიშვილის მახვილ თვალს მხედველობიდან არ რჩება სხვა ყოფითი პრობლემებიც ყოველდღიური ცხოვრებიდან.
ვ. ბასიშვილის საინტერესო მხატვრული ტექსტები იბეჭდებოდა იმდროინდელ ცენტრალურ პერიოდულ პრესაში.
მისი გარდაცვალებით ცხინვალის რეგიონის კულტურულ პოტენციალს გამოაკლდა უაღრესად გონიერი, თვითმყოფადი ნიჭიერების მქონე მწერალი, პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე.
საკვანძო სიტყვები: ქართულ-ოსური, ცხინვალი, ლიტერატურა, პუბლიცისტიკა.











