შიდა ქართლის ოკუპირებული სოფლების ისტორიიდან (სოფელი კორინთა - წარსული და დღევანდელობა)
Resumen
ნაშრომში საუბარია ქსნის ხეობის ისტორიულ სოფელ კორინთის შესახებ, რომელიც ოკუპირებულ ახალგორის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. საკითხის კვლევისას, პირველ რიგში ყურადღებას ვამახვილებთ სოფლის ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოზე. ცნობილი ისტორიკოსი და გეოგრაფი ვახუშტი ბატონიშვილი „კორინთის კლდეს“ ქსნის ხეობის მთისა და ბარის რეგიონების გამყოფად მიიჩნევს. კორინთა ქართლის სამეფოს სოფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გზაგასაყარი იყო, მისმა სტრატეგიულმა მდებარეობამ თავის მხრივ ხელი შეუწყო IX-X საუკუნეებში ფეოდალური გვარის კორინთელების აღზევებას, რომლებმაც XVIII საუკუნეში დაარსეს სოფელი საკორინთლო (კასპის მუნიციპალიტეტი).
კორინთა იხსენიება წილკნელის 1669 წლის სიგელში, თუმცა სოფლის მაშინდელი მოსახლეობის შესახებ, სამწუხაროდ, ცნობები არ მოგვეპოვება. აღსანიშნავია, რომ კორინთა იყო ცნობილი დრამატურგისა და ეროვნული მოღვაწის გიორგი ერისთავის მშობლიური სოფელი. აქ თავის დროზე სასახლე აუშენებია გიორგის პაპას როსტომ დავითის ძე ერისთავს. ნაშრომში საუბარია როსტომისეულ სასახლეზე და გიორგი ერისთავის ოჯახის კორინთასთან ურთიერთობაზე, ასევე ერისთავების კარის ეკლესიაზე, მის საგანძურზე, სოფელში არსებულ სხვა ხუროთმოძღვრულ ძეგლებზე.
ძირითადი ყურადღება ეთმობა დემოგრაფიულ ნუსხებს: XVIII საუკუნის მეორე ნახევრის ქსნის საერისთავოს სტატისტიკური აღწერილობებიდან ჩანს, რომ ეს სოფელი ქარჩოხის მოურავის აბრამ თინიკაშვილის სახელოს წარმოადგენდა, აქ დამკვიდრდნენ სოფელ თინიკაანიდან გადმოსახლებული მოურავის მოგვარე-თინიკაშვილები, რომლებიც, ქსნის ხეობაში, თავის მხრივ უკანა ფშავის სოფელ ხოშარადან არიან გადმოსულები და გვარად გაბიდაურები იყვნენ. XVIII-XIX საუკუნეების აღწერებში თინიკაშვილებში ხშირად გვხვდება საკუთარი სახელი გაბიდაური, რაც მიგვანიშნებს, რომ ისინი არ ივიწყებდნენ თავდაპირველ გვარსა და წარმომავლობას.
1783 წლის აღწერაში თინიკაშვილების გვერდით ზანგურაშვილების ერთი კომლი გვხვდება.
XVIII საუკუნის ბოლოსთვის კორინთა იოანე ბატონიშვილის სააზნაურო მამულების სიაში შედიოდა, რაც 1794-1799 წლების ქართლ-კახეთის აღწერიდანაც ჩანს. 1804 წლის პირველი რუსული კამერალური აღწერის მიხედვით კი კორინთის მიწები და ყმები ქსნის ერისთავებს ეკუთვნოდათ, 1 კომლი (ზანგურაშვილების ოჯახი) აზნაურ ფიცხელაურების იყო.
ნაშრომში პირველად ქვეყნდება კორინთის შესახებ არსებული XIX-XX საუკუნეების დემოგრაფიული ხასიათის ნუსხების (კამერალური და საკავშირო აღწერების მონაცემები) დიდი ნაწილი, რაც საშუალებას გვაძლევს სრულყოფილად წარმოვაჩინოთ სოფლის მოსახლეობის დინამიკა, მიმოხილულია დღეს არსებული რთული ვითარება, რაც 2008 წლის აგვისტოს ომის მძიმე შედეგებითაა განპირობებული.
ნაშრომში ჩართულია სოფელ კორინთის მკვიდრთა ცნობები მშობლიური სოფლის წარსულის, ეკლესია-მონასტრებისა და მოსახლეობის შესახებ.
საკვანძო სიტყვები: ქსნის ხეობა; ქარჩოხის სამოურავო; დემოგრაფიული ნუსხები; ეკლესია-მონასტრები; ერისთავის ყმები; ზემო ალევის საზოგადოება; დღიური მიწა; ფონდები.











