თუშური ხელსაქმის თანამედროვე ასპექტები (ღებვა, ქსოვა, ორნამენტი)
Resumen
ნაშრომში წარმოდგენილია თუშური ხელსაქმის, კერძოდ ღებვის, ქსოვისა და ორნამენტის თანამედროვე ასპექტების კვლევა.
კვლევის მიზანია, სამეცნიერო მიმოქცევაში შემოტანილ იქნას ინფორმაცია XXI-ე საუკუნის ეთნოგრაფიულ ყოფაში დამზადებული თუშური ნაქსოვი ნაწარმის (სამოსის აქსესუარები, დეკორატიული ნივთები და სხვ.) მასალის რაობის, ქსოვის ტექნიკის, ფერის მიღებისა და დეკორის ტრადიციულ ორნამენტთან მსგავსების ხარისხის შესახებ.
საკვლევ ობიექტებს, რომელიც ნივთიერის გარდა მოიცავს ფოტო, აუდიო (ინტერვიუები კულტურული მემკვიდრეობის მატარებლებთან) და ვიდეო მასალას, მეცნიერთა ჯგუფმა თავი მოუყარა 2022 წელს, ქართლში, კახეთში, თუშეთსა და საქართველოს სხვა რეგიონებში განხორციელებული მივლინებებისა და ექსპედიციების დროს. თანამედროვე თუშური ნაქსოვი პროდუქციის კვლევის თვალსაზრისით პარალელურ მასალად გამოყენებულია საქართველოს ეროვნული მუზეუმის, რეგიონულ, კერძო მუზეუმებში დაცული და ყოფაში (ოჯახებში) შემორჩნილი ავთენტური ნივთიერი მასალა.
კვლევის ამ ეტაპზე გამოვლინდა გარკვეული სახის უზუსტობები და დარღვევები როგორც ფერების, ასევე ორნამენტის თვალსაზრისით. ამავდროულად დაფიქსირდა ტრადიციული მეთოდებით ქსოვის ტექნიკის გამოყენება და სხვ.
ნაშრომი დაეხმარება ქართული ტრადიციული საფეიქრო საქმით დაინტერესებულ საზოგადოებას, ასევე სამოსის სფეროში მოღვაწე მეცნიერებს, პრაქტიკოს მასწავლებლებსა და სამოსის კონსტრუქტორებს.
საკვანძო სიტყვები: თუშური; ხელსაქმე; ღებვა; ქსოვა; ორნამენტი; სამოსი; ფარდაგი; წინდა











