ზოგიერთი ფრაგმენტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პუბლიცისტური მემკვიდრეობის ისტორიიდან

  • ALEKSANDRE MGEBRISHVILI ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ., №53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-4275-2417

Resumen

ქართულ-ოსური ლი­ტერატურული და პუბლიცისტური ურთიერთობების გაღრმავებაში შესამჩ­ნევი კვალი დატოვა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წევრმა, ცხინვალელმა მწერალმა და მოღვაწემ - დავით ელიოზიშვილმა. იგი აქტიურად თანამშრომლობდა თავისი დროის ქართულ პერიოდულ პრესასთან. პირადი ნაცნობობა აკავშირებდა აკაკისთან, ვაჟასთან.

პუბლიცისტური მოღვაწე­ობის გვერდით, იგი აქტიურად მონაწილეობდა ცხინვალელ სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. ნათქვამის საილუსტ­რაციოდ შეიძლება ზოგიერთი ფაქტის დამოწმება. XX საუკუნის დამდეგი[1] მძიმე აღმოჩნდა ცხინვალელ­თათვის და უფრო მძიმე ცხინვალში მცხოვრები ქართველი ებრაელებისთვის. ცხინვალის დიდი ნაწილი მოიცვა ხანძარმა, რომელიც ერთმანეთის მიყოლებით ანადგუ­რებ­და ყველაფერს. სახლ-კარის, ქონების და ყველა დანარ­ჩენთან ერთად, ცხინვალელი ებრაელების თამასუქებიც შთაინთქა. დაზარალებულნი მოსთქვამ­დნენ: „უამისათ, ვინ რაღას მოგვაშავებსო“. პასუხად „ივერიაში“ გამოჩნდა შემდეგი სტრიქონები: „ამ საბუ­თებს გარდა არის კიდევ შეურყეველი თამასუქი, რომელსაც სინდისს ეძახიან და ჩვენ, ქართველებში, ჯერ არ მოსპობილა“. (ივერია, 1902ა)

დავით ელიოზიშვილის სახელი აქტიურად ჩანს მისი დროის სალიტერატურო-შემოქმედებით ასპარეზ­ზე. წერს ლექსებს, ჩართულია ლიტერატურული წრე­ების მუშაობაში.

მთელი შეგნებული ცხოვრებისა და მოღვაწეობის მანძილზე აქტიურად თანამშ­რომ­ლობდა ქართულ პერიოდულ პრესაში. მისი რამდენიმე ლექსი გამო­ქვეყნდა ცხინვალში 1946 წელს გამოქვეყნებულ „სამხრეთ ოსეთის საბჭოთა მწერლების ნაწარმოებების კრე­ბულში“ (კრებული სამხრეთ ოსეთის საბჭოთა მწერლების ნაწარმოებებისა, 1946, გვ. 68-71), მისი პოე­ტური ნიმუშები და თარგმანები სისტემატურად იბეჭდება ცხინვალის ერთადერთ ქართულენოვან პერიოდულ გამოცემაში, გაზეთ „საბ­ჭოთა ოსეთში“. სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებში გაბნეული დ. ელიოზიშვილის ორიგინალური და თარგმნილი პოე­ტური ნიმუშების გვერდით ყურადღებას იქცევს მისი როგორც საბავშვო მწერლის უაღრესად აქტიური და ნაყოფიერი მოღვაწეობა. რაც უდავოდ გამოარჩევს მწერალს მის თანამედროვეთაგან. ვგულის­ხმობთ 1915-1927 წლებში მცირეწლოვანთა საყმაწვილო ჟურნალში „ნაკადული“ გამოქვეყნებულ მრავლობით პუბლიკაციებს, ლექსებს, პოემებს, თარგმანებს, მოთხ­რობებსა და მოგონებებს, რომლებიც განკუთვნილია ყმაწვილთათვის.

ცხინვალელი მწერალი და მოღვაწე შესამჩ­ნევ კვალს ტოვებს ქართულ-ოსური ლი­ტერატურული და პუბლიცისტური ურთიერთობების გაღრმავებაში, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმიანობაში, ჩანს იმ დროის სალიტერატურო-შემოქმედებით ასპარეზ­ზე და ნაყოფიერი მოღვაწეობით საკუთარი წვლილი შეაქვს ქართულ-ოსურ კულტურულ ურთიერთობათა გაღრმა­ვების მნიშვნელოვან საქმეშიც.

 

საკვანძო სიტყვები: ქართულ-ოსური, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება, ცხინვალი, ლიტერატურა, პუბლიცისტიკა.

 

[1] ვგულისხმობთ 1902 წელს. ცხინვალის ქართულ-ებრაულ ურთ­იერთობათა შესახებ ვრცლად იხ. (მღებრიშვილი, 2019).

Publicado
2023-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია