საქართველოსა და თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს ურთიერთობები ქართულ საისტორიო წყაროებში (XIს-ის 70-იან წლებამდე)

  • VASIL MOSIASHVILI სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველო, ქ. ახალციხე, რუსთაველისქ. #106 http://orcid.org/0000-0002-3975-2723

Resumen

საქართველოსა და თურქ-სელჩუკთა სახელმწიფოს ურთიერთობების შესახებ მნიშვნელოვანი ცნობებია დაცული ქართულ საისტორიო წყაროებში. წინამდებარე ნაშრომში განხილული წყაროები ეხება ქართველებისა და თურქ-სელჩუკების ურთიერთობებს XI ს-ის 70 -ან წლებამდე.

   სტატიაში განხილულ საისტორიო წყაროთა შორის ყველაზე ადრინდელია 1029 წლით დათარიღებული ცნობა, რომელიც ბაგრატ IV-ის სულთანზე თავდასხმას გადმოგვცემს.

    სელჩუკთა საქართველოში ლაშქრობას გადმოგვცემს ბაგრატ IV-ის  მიერ 1057 წელს შიო მღვიმის ლავრისთვის გაცემული შეწირულობის სიგელი. იგი ეხება სელჩუკთა მიერ შიო მღვიმის ლავრის მამულების აოხრებასა და საქართველოს მეფის მიერ აღნიშნული ლავრისთვის მამულების შეწირვას.

   ორი ძველქართული წარწერა, აღმოჩენილი საქართველოს ისტორიულ რეგიონებში-ჯავახეთსა (მირაშხანის წაეწერა)  და შიდა ქართლში (თრეხვის წარწერა), ეხება ალფ-არსლანის საქართველოში ლაშქრობებს.    

    XI საუკუნის ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებაში „გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება“ აღწერილია სელჩუკთა ლაშქრობების გამო საქართველოში  შექმნილი მდგომარეობა XI საუკუნის 60-იან წლებში, მათ შორის სელჩუკთა სულთნის ალფ-არსლანის მიერ ახალქალაქის აოხრება.

    საქართველოსა და სელჩუკთა ურთიერთობის შესწავლის საქმეში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება XI საუკუნის საისტორიო თხზულებას „მატიანე ქართლისაჲ“. ამ   თხზულების ავტორი კარგად ერკვევა ახლო აღმოსავლეთის პოლიტიკურ ვითარებაში, საინტერესოდ გადმოქვცემს XI საუკუნის 40-70- იანი წლების საქართველოსა და დიდ-სელჩუკთა სახელმწიფოს ისტორის მნიშვნელოვან მოვლენებს.  

     ბოლო წყარო, რომელიც განხილული გვაქვს ნაშრომში, არის XVIII ს-ში მცხოვრები ქართველი ისტორიკოსის, ვახუშტი ბატონიშვილის, ნაშრომი ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა“. ვახუშტი ბატონიშვილი საქართველოსა და სელჩუკთა სახელმწიფოს ურთიერთობების გადმოცემისას, თარიღებითა და საინტერესო ფაქტებით ავსებს მატიანე ქართლისაის ავტორის ცნობებს. მისი ნაშრომი დიდი სამეცნიერო კვლევის შედეგია და განსაკუთრებულ ყურადრებას იმსახურებს.

   ზემოაღნიშნულ წყაროთა ავტორები (გამონაკლისია მხოლოდ ვახუშტი ბატონიშვილი) აღწერილი მოვლენების თანამედროვეები არიან, რაც კიდევ უფრო სანდოს ხდის მათ მიერ გადმოცემულ ისტორიულ ამბებს. ქართველი მემატიანეები არა მარტო აღწერენ ისტორიულ მოვლენებს, არამედ  ხშირად აანალიზენენ კიდეც და ეპოქის შესაბამის შეფასებასაც აძლევენ.

 

საკვანძო სიტყვები:  საქართველო; თურქ-სელჩუკები; საისტორიო წყაროები; ალფ-არსლანი; ბაგრატ IV.

Publicado
2023-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია