განათლების უფლება საქართველოში (ისტორიული ასპექტები)
Resumen
მეცნიერების განვითარებამ და სწავლებისა და კვლევის ახალი მეთოდების დანერგვამ თანამედროვე საზოგადოებაში დღის წესრიგში დააყენა განათლების უფლებისა და მისი ხელმისაწვდომობის თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის საკითხი, რაც ცხოვრების მოთხოვნილებებიდან, ტემპიდან და საჭიროებებიდან გამომდინარეობს. საგანმანათლებლო სისტემები მუდმივად ვითარდება და სხვადსხვა შესაძლებლობებსა და სერვისებს თავაზობს საზოგადოებას განათლებისა და ცნობიერების ასამაღლებლად. განათლების უფლება, როგორც ადამიანის ფუნდამენტურ უფლებათა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტი, განსაზღვრავს საზოგადოების განვითარების დონეს. განათლება აძლევს ადამიანს შესაძლებლობას დასაქმდეს და გახდეს მოთხოვნილებადი მისი ცოდნის შესაფერის სფეროში.
განათლების უფლება, ფაქტობრივად, წარმოადგენს თანამედროვე ქართული სახელმწიფოს განვითარების საფუძველს. ნაშრომში განხილულია განათლების უფლება საქართველოში კონსტიტუციურ აღიარებამდე და საქართველოში განათლების უფლების კონსტიტუციური აღიარება, რომელიც წარმოდგენილია შემდეგ საკითხებად: განათლების უფლების რეალიზაციის მექანიზმები ანტიკურ საქართველოში; საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების გავლენა საქართველოში საგანმანათლებლო კერების დაარსებასა და გავრცელებაში; სწავლის დაწყების ასაკი და სწავლების ფორმები საქართველოში უძველესი პერიოდიდან XI საუკუნემდე; განათლების უფლების დაცვისა და რეალიზაციის მექანიზმების შექმნის მიზნით, დავით IV აღმაშენებელის მიერ გატარებული ღონისძიებები; მონღოლების შემოსევა და განათლების უფლება საქართველოში; აღორძინების ხანა და განათლების უფლება საქართველოში; რუსიფიკატორული პოლიტიკა და განათლების უფლება საქართველოში; საბჭოთა ხელისუფლება და განათლების უფლება საქართველოში.
ნაშრომში წარმოდგენილი საქართველოში არსებული განათლების სისტემები, რომელიც ისტორიულ ჭრილშია განხილული, ცხადყოფს, რომ საქართველოში განათლება ყოველთვის პასუხობდა ეპოქის მოთხოვნებს. ქართველი ხალხის მისწრაფება განათლებისადმი ყოველთვის დიდი იყო და დღესაც ასეა. თუ საქართველოში არსებული განათლების ინსტიტუციები ვერ აკმაყოფილებდა ქართული საზოგადოების მოთხოვნას, განათლებას უცხოეთში იღებდნენ, რისი ნათელი მაგალითიც არის საქართველოს შუა საუკუნეები, მეცხრამეტე საუკუნე და თანამედროვე ეპოქა.
საკვანძო სიტყვები: განათლების უფლება; ლაზთა აკადემია; საეკლესიო სკოლები; გელათის აკადემია; იყალთოს აკადემია; წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება.











