რუსეთ-ოსმალეთის ომები XIX საუკუნეში და აფხაზეთი
Resumen
თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას ძირძველი ისტორიული მხარის აფხაზეთის, რეინტეგრაცია წარმოადგენს. ამ საკითხის გადასაწყვეტად უპირველესად აუცილებელია ამ რეგიონის პოლიტიკური, სოციალურ-ეკონომიკური, დემოგრაფიული და კულტურულ-რელიგიური განვითარების ასპექტების ობიექტური და სიღრმისეული შესწავლა. ამ თვალსაზრისით XIX საუკუნის აფხაზეთის ისტორია განმსაზღვრელი პერიოდია, როცა ხანგრძლივი მეტოქეობის შემდეგ რუსეთსა და ოსმალეთს შორის გადაწყდა აფხაზეთის სამთავროს ბედი. მალე ამას იმპერიათა ფაქტობრივად შეთანხმებული მოქმედებით მოჰყვა აფხაზი ერის ტრაგიკული მოვლენის - მასობრივი მუჰაჯირობის პროცესი. XIX საუკუნის რუსეთ-ოსმალეთის ომებს და მათი მიმდინარეობისას აფხაზეთში განვითარებულ მოვლენებს სხვადასხვა კუთხით არაერთი ისტორიკოსი შეეხო.
XVI საუკუნიდან კავკასიაში გავლენისათვის დაპირისპირებულ ოსმალეთსა და ირანს ახალი მეტოქე გამოუჩნდათ გაძლიერებული რუსეთის სახით. რუსეთს შავიზღვისპირეთსა და კავკასიაში დიდი სამხედრო-სტრატეგიული და ეკონომიკური ინტერესები გააჩნდა. იგი სარგებლობდა კავკასიელი ხალხების რთული მდგომარეობით, რომელთაც არ შეეძლოთ მხოლოდ საკუთარი ძალებით აგრესორთა მოგერიება და აუცილებლად მიაჩნდათ საგარეო მოკავშირისა თუ მფარველის მოძიება. რუსეთი, რომელსაც ჯერ არ ეჩვენებინა თავისი რეალური სახე, სწორედ ასეთ მოკავშირედ აღიქმებოდა. რუსეთთან ურთიერთობაში გამორჩეულ აქტიურობას ქართული სამეფოები კერძოდ კი კახეთის სამეფო იჩენდა. XVI-XVIII საუკუნეების მანძილზე რუსეთი თანდათან ძლიერდებოდა, ხოლო მისი მეტოქეები სუსტდებოდნენ, რასაც XIX საუკუნის დასაწყისში მეტად ხელსაყრელი საერთაშორისო ვითრების გამოყენებით ჯერ ქართლ-კახეთის, ხოლო მალე იმერეთის სამეფოების დაპყრობაც მოჰყვა. მოვლენათა ასეთმა განვითარებამ ოსმალეთის ქვეშევრდომობაში მყოფი აფხაზეთის სამთავროს ორიენტაციის გადასინჯვა გამოიწვია. მთავარმა ქელეშ-ბეგ შარვაშიძემ 1806 წელს მფარველობაში მიღების თხოვნით რუსეთს მიმართა. ოსმალეთს ასეთ სტრატეგიულ რეგიონში გავლენის დაკარგვა არ სურდა და ყველა ზომას მიმართავდა მის შესანარჩუნებლად. ორივე მხარე ცდილობდა მომხრეთა გამრავლებას და მათზე დაყრდნობით წარმატების მოპოვებას. ყოველივე ამან ძალიან დაძაბა ვითარება აფხაზეთში, თვით სამთავრო სახლში დაიწყო დაპირისპირებები, რასაც არაერთი ტრაგიკული შემთხვევაც მოჰყვა. მოვლენები აფხაზეთში დრამატულ ხასიათს იძენდა რუსეთ-ოსმალეთის ომების პერიოდში, XIX საუკუნის მანძილზე კი ოთხი ასეთი ომი გაჩაღდა. მეტოქეები არაფერს ერიდებოდნენ, გამარჯვების სასწორო ხან ერთ, ხან მეორე მხარეს იხრებოდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობის ბედი არცერთს არ აინტერესებდა პირიქით- მათ გამოყენებას ცდილობდნენ. საბოლოოდ გამარჯვება რუსეთმა მოიპოვა, რაშიც არსებითი როლი დანარჩენი საქართველოს მხარდაჭერამ იმოქმედა. რუსეთის მხარდამჭერი პოლიტიკით გამოირჩეოდა აფხაზეთის უკანასკნელი მთავარი მიხეილ შარვაშიძეც. თუმცა ამას ხელი არ შეუშლია ცარიზმისათვის აფხაზეთში ფართომასშტაბიანი საკოლონიზაციო პოლიტიკა გაეტარებინა, რასაც ათეულ-ათასობით აფხაზი ეროვნების ადამიანის უცხოეთში გადასახლება - მუჰაჯირობა მოჰყვა.
საკვანძო სიტყვები: რუსეთი; ოსმალეთი; კავკასია; აფხაზეთი; კოლონიზაცია; მუჰაჯირობა;











