ანტისახელმწიფოებრივი მოძრაობა ბათუმის ოლქში მე-20 საუკუნის დასაწყისში

  • OTAR GOGOLISHVILI ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი საქართველო, ბათუმი, ნინოშვილის ქ.32/35 http://orcid.org/0000-0002-5196-4155

Resumen

მე-20 საუკუნის დამდეგიდან პოლიტიკური მოძრაობა მთელ რუსეთში მძლავრი აღმავლობის გზას დაადგა. გახშირდა გაფიცვები და პოლიტიკური დემონსტრაციები. ფართო საზოგადოებას არ სურდა ძველებურად ცხოვრება, განსაკუთრებით აქტიურობდნენ მუშები, რომლებიც უჩიოდნენ თავიანთ მძიმე სოციალურ პირობებს და მასობრივად მოითხოვნდნენ მის გაუმჯობესებას. იმ პერიოდისათვის მუშათა მოძრაობა აღმავლობით წარიმართა ბათუმის ოლქში. აქაურ მუშათა მაშინდელ მძიმე, აუტანელ ეკონომიკურ პირობებს აღიარებდნენ მმართველი პირებიც. ოლქში ქუთაისის გუბერნატორის სპეციალური წარმომადგენელი აღშფოთებით წერდა: ,,ყოვლად შეუძლებელია ისე იცხოვრო, როგორც ცხოვრობს ბათუმელი მუშები. გასაკვირია, ასეთ პირობბეში მყოფი ხალხი საერთოდ როგორ მუშაობსო’’.

ბათუმის მუშების მძიმე მდგომარეობას აღნიშნვდნენ აგრეთვე პეტერბურგელი ჩინოვნიკები. 1900 წლის ივნისში აქ მოვლენილი ჩინოვნიკი ი. აფანასიევი, რომელმაც თავად იხილა მშრომელთა გაუსაძლისი პირობები, წერდა, რომ სრულებით არ არის გასაკვირი რომ აქაურმა მუშებმა გაფიცვები მოაწყონო.

1900 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გაიფიცნენ როტშილდის, მანთაშევის, ნობელის, პალაშკოვსკის და სხვა ქარხნის მუშები. გაფიცვების მონაწილენი ძირითადად ეკონომიკურ მოთხოვნებს აყენებდნენ. ამასთან 1900 წლის 14 ნოემბერს მანთაშევის მუშების გაფიცვას თან ახლდა მათი მხრიდან პოლიტიკური მოთხოვნები, ამან აღაშფოთა მანთაშევის ქარხნის დირექტორი, რომელმაც აცნობა ქუთაისის გუბერნატორს, რომ: ,,როგორც ჩანს მუშები მოექცნენ არაკეთილმოსურნეების გავლენის ქვეშ. . . 14 ნოემბერს მოწყობილი გაფიცვა სწორედ ამის ნათელი მაგალითია’’. ასეთივე გაფიცვა მოხდა 26 ნოემბერს და 5 დეკემბერს, რა თქმა უნდა პოლიტიკური მოთხოვნებით, 5 დეკემბერს გაფიცულ როტიშილდის ქარხნის მუშებსა და პოლიციას შორის მოხდა შეტაკება. დააკავეს 10 აქტიური მონაწილე. როგორც გაირკვა, დაკავებული მუშებიდან უმრავლესობა ბათუმში არსებულ ,,მესამე დასის’’ ორგანიზაციის ხელმძღვანელობით მოქმედებდნენ, აი, რას წერდა ამის შესახებ ბათუმელი პოლიცმეისტერი ივანე ტოლკუნოვი ქუთაისის გუბერნიის სამხედრო გუბერნატორს: ,,ამბოხებული მუშები გაერთიანებულია მარქსისტულ ორგანიზაციაში. ამ ორგანიზაციას თითქმის ყველა ქარხანაში აქვს თავისი ფილიალები. როგორც ჩანს ქარხნის ხელმძღვანელობამ მოადუნა ყურადღება. ისინი ნაკლებად არიან დაინტერესებული თავიანთი მუშების პოლიტიკური მდგომარეობით. ეს კი ჩვენთვის ყოვლად მიუღებელია და ამასთანავე სახიფათოცაა, რადგან სწორედ მარქსისტული ორგანიზაციის მოღვაწეობის შედეგია ის, რომ მუშები პოლიტიკურ მოთხოვნებს აყენებენ, რაც ყოვლად დაუშვებელია’’.

საკვანძო სიტყვები: ანტისახელმწიფოებრივი; სოციალ-დემოკრატები; გაფიცვები; შეტაკებები; დაპატიმრებები; გასახლება;

Publicado
2023-06-21
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია