ალექსანდრე ხახანაშვილი და პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები

  • Mariam Koberidze ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, http://orcid.org/0000-0002-6604-1628

Resumen

პარიზის ნაციონალური ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები სხვადასხვა დროსა და ვითარებაში  აღწერეს და შეისწავლეს:   ფრანგმა ქართველოლოგმა მარი ბროსემ, ქართველმა მეცნიერებმა ალექსანდრე ხახანაშვილმა და ექვთიმე თაყაიშვილმა. ამ ხელნაწერების შესწავლის ინტერესი და მნიშვნელობა დღესაც აქტუალურია. წინამდებარე სტატიაში  გაანალიზებულია ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ შესწავლილი პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები, მათი  შესწავლის მდგომარეობა ქრონოლოგიურად  დღევანდელობასთან მიმართებაში. გამოკვეთილია  ალექსანდრე ხახანაშვილის ღვაწლი ქართული კულტურის  აღორძინების, საკვლევ-სამეცნიერო და საზოგადოებრივ მოღვაწეობაში. კვლევა ემყარება ხელნაწერებს, სამეცნიერო პუბლიკაციებს, საარქივო  და პრესის მასალებს.  სამეცნიერო ნაშრომი საყურადღებოა, ქართული კულტურის ისტორიისა და ხელნაწერების შესწავლისათვის.

ალექსანდრე ხახანაშვილმა 1897 წლის  აგვისტოში მონაწილეობა მიიღო ორიენტალისტთა XI საერთაშორისო კონგრესის მუშაობაში პარიზში, მოხსენებით გამოვიდა აღმოსავლეთისა და  საბერძნეთის  სექციაში. ამ პერიოდში აღწერა პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში დაცული 25 ქართული ხელნაწერი (რაოდენობა იყო 26): სასულიერო წიგნი სურათებით;  ჟამის წირვა, ანუ ლოცვათა კრებული საქართველოს ეკლესიაში სახმარებლად; სვინაქსარი ანუ მთელი წლის კრებული წმიდათა ცხოვრებათა; სულხან-საბა ორბელიანის ქართული ლექსიკონი; ქართული კოდექსი ანუ ვახტანგის კანონები; ქართული ქრონიკა; ,,ვეფხისტყაოსნის“  სამი  ხელნაწერი; ქართული გრამატიკის  ორი  ხელნაწერი;  ისტორია ომანიან ჭაბუკისა; მირიანი, ისტორია ერთი ჩინეთის ხელმწიფისა; ბარამიანი, ჩინური მოთხრობა ლექსად; პროზად ნათარგმნი ვოლტერის ტრაგედია ,,ალჟირი“ ალექსანდრე ჭავჭავაძის მიერ;  ფილოსოფიის დასაბამი; ქართული ენის გრამატიკა ქართულად შედგენილი  დავით ბატონიშვილი  მიერ; ნაწყვეტები ქართული ისტორიისა; პროლოგი, წმიდათა საგალობელნი მარტის თთვისანი;  პროლოგი ივლისის თთვისა; პროლოგი ივნისის თთვისა; მათეს სახარების განმარტებანი;  წერილი იმერეთის მეფე სოლომონისა პაპი პიოს VI-ს იტალიური თარგმანით; წერილების ასლები (ვახტანგ VI, მარიამ დედოფალი, იმერეთის მეფე ალექსანდრე III …); საითიკო ღვთისმეტყველება კითხვა მიგებით.

ალექსანდრე ხახანაშვილმა ვერ აღწერა მეჩვიდმეტე ხელნაწერი (ძველი ფონდით), რადგან  წიგნსაცავში ვერ იპოვეს.   ეს ხელნაწერია ,,მარხვანი“ (ახალი ფონდით # 5), რომელიც   ვრცლად აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა. წიგნსაცავს შემდეგ შეემატა  ახლად შეძენილი ორი ხელნაწერი: # 27  იოანე ქართველიშვილის მიერ შედგენილი ,,ქართული ღრამატიკა“ და  # 28 ,,სახარება, ოთხთავი“, რომელიც  აღწერა ექვთიმე თაყაიშვილმა.

ექვთიმე თაყაიშვილის  კატალოგის გამოქვეყნების შემდეგ პარიზის ნაციონალური  ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერების ფონდი გამდიდრდა მხოლოდ ერთი ხელნაწერით. ფრანგ  ქართველოლოგ  ბერნარ უტიეს  დაკვირვებით, პარიზის # 30 ქართული ხელნაწერის  (შემოკლებული p) 1  ფურცელი ეკუთვნის  ხანმეტ ლექციონარს.

დღევანდელი მდგომარეობით  პარიზის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში 32 ხელნაწერია (ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ).

ალექსანდრე ხახანაშვილის მიერ აღწერილი პარიზის ნაციონალური ბიბლიოთეკის ქართული  ხელნაწერები  დაიბეჭდა  ჯერ გაზეთ ,,ივერიაში“, შემდეგ ჟურნალ  ,,მოამბეში“.   ამ ხელნაწერების აღწერილობამ ერთგვარი  სამეცნიერო გზამკვლევის როლი შეასრულა შემდგომი  კვლევისათვის.

საკვანძო სიტყვები: ალექსანდრე ხახანაშვილი,  ექვთიმე თაყაიშვილი, ქართული ხელნაწერები, პარიზი,  ორიენტალისტთა კონგრესი, ქართული კულტურა, ქართველოლოგია.

Publicado
2022-12-27
Sección
სამეცნიერო სტატიები - წყაროთმცოდნეობა (ისტორიოგრაფია)