ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია-ნატოს ტრანსფორმაცია ცივი ომის შემდგომ პერიოდში და საერთაშორისო ურთიერთობების თეორიები
(რეალიზმი და ინსტიტუციონალური ლიბერალიზმი)
Resumen
მსოფლიოში სხვადასხვა ეპოქაში, სახელმწიფოთა მიერ მათი ინტერესებიდან გამომდინარე, მრავალი ალიანსი და კოალიცია იქნა შექმნილი. მსგავსი კავშირები იქმნებოდა მაშინ, როდესაც ქვეყნების ინტერესები ერთმანეთს ემთხვეოდა და მათ ჰყავდათ საერთო მტერი. მსოფლიო ისტორიაში უდიდესი კოალიცია მეორე მსოფლიო ომის დროს იქნა შექმნილი, მეორე მსოფლიო ომის ბოლო ეტაპზე „ანტიჰიტლერულ კოალიციაში“ 50 სახელმწიფოზე მეტი იყო გაწევრიანებული, თუმცა ყველაზე უფრო დიდი, ჩამოყალიბებული სახე, კავშირებმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მიიღო, როდესაც ევროპაში კომუნისტური იდეოლოგიის გავრცელების საფრთხისგან თავის დასაცავად შეიქმნა ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია-ნატო ერთის მხრივ, და მეორეს მხრივ,კომუნისტური იდეოლოგების მოსაზრებით „დასავლური იმპერიალიზმისგან“ თავდაცვის მიზნით, საბჭოთა ბლოკში შემავალი სახელმწიფოების ინიციატივით-ვარშავის ხელშეკრულების ორგანიზაცია.
დღესდღეობით, მსოფლიოში სახელმწიფოთა უსაფრთხოების ცნება აღარ არის შემოსაზღვრული მხოლოდ ერთი სახელმწიფოს საზღვრებით, სახელმწიფოში სტაბილური მდგომარეობა დამოკიდებულია რეგიონალურ და გლობალურ დონეზე განვითარებულ ინტეგრაციის პროცესებზე. მსოფლიოში არსებულ მრავალრიცხოვან ორგანიზაციებს შორის ცენტრალური ადგილი უჭირავს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციას (NATO). პასუხი კითხვაზე, თუ რა არის ამ ორგანიზაციის წარმატების ძირითადი მიზეზები,პირველ რიგში,უნდა ვეძიოთ მის პრინციპებსა და ფასეულობებში. 1949 წელს დაარსებულმა ჩრდილოატლანტიკურმა ხელშეკრულებამ (NATO), შეძლო თავისი ძირითადი მოვალეობების შესრულება, კერძოდ, დაიცვა მისი წევრი სახელმწიფოების სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. „ცივი ომის“ დასრულების შემდეგ კი, როდესაც აქტიური გახდა მისი ყოფნა -არყოფნის საკითხი, ნატომ შეძლო ტრანსფორმაცია და წარმატებულად ფუნქციონირებს დღემდე.
საკვანძო სიტყვები: ნატო, საბჭოთა კავშირი, ცივი ომი, ვარშავის პაქტი, ნეორეალიზმი, ლიბერალიზმი.











