ადრე ბრინჯაოს ხანის კულტურული გარემო სამცხის მთიანეთში: არქეოლოგიური დაზვერვები ადიგენის მუნიციპალიტეტში
Resumen
სტატიაში წარმოდგენილია სამცხეში, ქვაბლიანის ხეობაში, თანამედროვე ადიგენის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ჩატარებული დაზვერვების შედეგები. ზოგადად, ეს მიკრორეგიონი არქეოლოგიურად ნაკლებად არის შესწავლილი, თუმცა არსებული მცირე მონაცემები უჩვენებს, რომ ეს არეალი, როგორც სხვადასხვა გეოგრაფიულ რეგიონებთან მოსაზღვრე ზონა, ერთგვარ გზაჯვარედინს წარმოადგენდა პრეისტორიის სხვადასხვა ეტაპზე. შესაბამისად სავარაუდო იყო, რომ ეს ურთიერთკავშირები ბრინჯაოს ხანაშიც გრძელდებოდა და რეგიონში ადრე ბრინჯაოს ხანის მტკვარ-არაქსისა და დასავლეთ საქართველოს ამავე პერიოდის კულტურების თანაარსებობა დადასტურებულიყო. სხვადასხვა მეთოდების კომბინაციით წარმოებული არქეოლოგიური დაზვერვების შედეგად, საკვლევ არეალში, მტკვარ-არაქსის კულტურის 12 ძეგლი აღმოჩნდა, თუმცა დასავლეთ საქართველოს კულტურის გავლენა არ დადასტურებულა, რაც მიუთითებს, რომ ადიგენი იყო მტკვარ-არაქსის გავრცელების არეალი და ნათლად განსაზღვრავს მის კულტურულ გარემოს ადრე ბრინჯაოს ხანაში.
საკვანძო სიტყვები: სამცხე-ჯავახეთი; არქეოლოგიური დაზვერვები; სამხრეთ-დასავლეთ საქართველო; ადრებრინჯაოს ხანა; მტკვარ-არაქსის კულტურა; ხალკოლითი;











