გვიან ანტიკური-ადრეული შუასაუკუნეების საქართველოს მოსახლეობის მორფოლოგიური და განეტიკური პოლიმორფიზმი

  • Nino Tavartkiladze არქეოლოგიის მიმართულების დოქტორანტი, ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი http://orcid.org/0000-0003-3779-4468

Resumen

„საქართველოს გვიანანტიკური-ადრეული შუასაუკუნეების მოსახლეობის მორფოლოგიური და გენეტიკური პოლიმორფიზმი“ საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვან პერიოდს მოიცავს, რომელიც ხასიათდება საქართველოში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფების შემოდინებით. ძვ.წ 30-ე წელს რომში ოქტავიანემ მთელი ძალაუფლების ხელში აღებით ბოლო მოუღო რესპუბლიკას, რითიც დასრულდა ე.წ ელინისტური ხანა და დაიწყო რომის იმპერიის ანუ გვიანანტიკური პერიოდი. ამ პერიოდისათვის დიდი მნიშვნელობის ეთნიკური ძვრები მოხდა მთელს კავკასიის მოსახლეობაში.მნიშვნელოვანია ის ფაქტები,რომლებიც მიგვანიშნებენ სხვადასხვაეთნიკურიგაერთიანებების ურთიერთკავშირებს, ეთნიკური ელემენტების განსახლების ტალღებს, რასაც შესაძლოა გამოეწვია მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებები. რაც შეეხება ადრეულ შუასაუკუნეებს, საქართველოს ისტორიის ადრეფეოდალური ხანა (IV-X სს) აღსავსეა  მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენებით,როგორც ქვეყნის შინაგანი სოციალურ-ეკონომიკური განვითარების, ასევე საგარეო პოლიტიკური ურთიერთობის თვალსაზრისით.გამოთქმულია მოსაზრება, რომ საქართველოს თანამედროვე მოსახლეობის ანთროპოლოგიური თავისებურებების გაგებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ადრეული შუა საუკუნეების მოსახლეობის ანთროპოლოგიურ შესწავლას.სწორედ, დროის ამ მონაკვეთში ეყრება საფუძველი ანთროპოლოგიური ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მქონე ეპოქალურ ტრანსფორმაციის მოვლენებს, რომლებიც დასრულდნენ საქართველოს თანამედროვე მოსახლეობაში გამოყოფილი ტიპების ფორმირებით.ამრიგად საკვლევი პერიოდი ანთროპოლოგიური, არქეოლოგიური და ისტორიული თვალსაზრისით საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა.

ნაშრომში შესწავლილია გვიან ანტიკური-ადრეული შუასაუკუნეების თავის ქალები, რომლებიც დაცულია ივ. ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის ანთროპოლოგიის ლაბორატორიაში. მორფოლოგიური პოლიმორფიზმი გულისხმობს თავის ქალების ანთროპოლოგიურ შესწავლას  და მათში არსებული განსხვავებების და მსგავსების გამოვლენას.ამისათვის განხორციელდა ორივე საკვლევი პერიოდის თავის ქალების გაზომვა 14 ნიშნით, რის ფონზეც მოხდა შედარება სქესის მიხედვით. გარდა კრანიოლოგიური ანალიზისა, კვლევაში ჩართულია  დემოგრაფია. გაკეთდა, როგორც გვიან ანტიკური, ასევე ადრეული შუასაუკუნეების მოსახლეობის სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურა. გამოვლინდა გვიან ანტიკური-ადრეული შუასაუკუნეების მოსახლეობის გარდაცვალების საშუალო ასაკი, როგორც კაცებში, ასევე ქალებში. საბოლოოდ, მოსახლეობის პოლიმორფულობის დასამტკიცებლად კვლევაში ჩართულია დნმ კვლევა. დნმ კვლევა ჩატარდა გვიან ანტიკური-ადრეული შუასაუკუნეების 40 ნიმუშზე შემდეგი ძეგლებიდან: სამთავრო, ჟინვალი, ნეძიხი, არაგვისპირი, ბოდბე, ფიქრის გორა, ხუნწი, კლდე, ჭიათურა. მიუხედავად საკვლევი მასალის სიმცირისა, გენეტიკური კვლევის მეშვეობით მაინც შესაძლებელი გახდა დაგვედასტურებინა, რომ იმდროინდელი მოსახლეობაში შეინიშნება სხვადასხვა ხალხების შემოდინება.

საკვანძო სიტყვები: ფიზიკური ანთროპოლოგია; მორფოლოგიური პოლიმორფიზმი; დემოგრაფია; დნმ;  გვიან ანტიკური-ადრეული შუასაუკუნეები.

Publicado
2022-07-05
Sección
სამეცნიერო სტატიები-არქეოლოგიის სექცია