ქართულ–ბერძნული „მითოლოგიური ურთიერთობები“ ერთი დასავლურქართული ხალხური დღესასწაულის მაგალითზე
Resumen
თედორობა სიმრავლე–ნაყოფიერებასთან დაკავშირებული ცნობილი დასავლურ ქართული ხალხური დღესასწაული იყო. ამ დღეს ხალხი ღმერთისგან განსაკუთრებით შინაური ცხოველების სიმრავლეს და უვნებლობას ითხოვდა. ეს დღე, ჩვენამდე მოღწეული მასალების მიხედვით, გამორჩეული სახით იმართებოდა გურიასა და სამეგრელოში, სადაც ცხენების გამრავლებისთვის თავისებური რიტუალი სრულდებოდა. ჩვენს ხელთ არსებული სამეცნიერო ლიტარატურის მიხედვით ეს „უცნაური“ რიტუალი არ შესწავლილა.
რიტუალში მონაწილეოდნენ მხოლოდ მამაკაცები. ეს ხალხური დღესასწაული სვანეთში, გურიასა და სამეგრელოში ცხენების ნაყოფიერება-გამრავლებას ეძღვნებოდა. ამ, ასე ვთქვათ, „უცნაური“რიტუალის შესწავლამ მიგვიყვანა ბერძნულ მითოლოგიამდე და ბერძნების მიერ შავი ზღვის კოლონიზაციის საკითხამდე.
კვლევის შედეგად, რომელიც ეყრდნობა, როგორც სამამულო, ასევე, უცხოურ ისტორიულ, არქეოლოგიურ, ეთნოლოგიურ, რელიგიათმცოდნეობით, მითოლოგიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო ლიტერატურას, გაგვიჩნდა მოსაზრება, რომ დღესასწაული წინაქრისტიანული ბერძნული რელიგიური და მითოლოგიური შეხედულებების რელიქტის შემცველი უნდა იყოს, რაც ზღვას, წყალს, მასთან დაკავშირებულ რელიგიურ შეხედულებებს და შესაძლოა პოსეიდონის თაყვანისცემას უკავშირდება.
საკვანძო სიტყვები: ქართულ - ბერძნული ურთიერთობები; მითოლოგია; ზღვა; ცხენები; პოსეიდონი;











