ბათუმის ოლქი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში
Resumen
სტატიაში საუბარია ბათუმის ოლქის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში დაბრუნებაზე, რომელსაც მთელი ბათუმის ოლქის მოსახლეობა დიდი აღფრთოვანებით შეხვდა. ქართულ ჯარს მისი მსვლელობის მანძილზე სიხარულით ეგებებოდა მოსახლეობა და ყვავილების თაიგულებს ესროდა. ბარცხანასთან ჯარს შეხვდა ,,სამუსლიმანო საქართველოს განმანთავისუფლებელი ორგანიზაციის’’ დელეგაცია და მთელი მოსახლეობის სახელით მიულოცა მათ ეს დიდმნიშვნელოვანი გამარჯვება. დელეგაციის სახელით ჯარს მიესალმნენ მემედ აბაშიძე, ჯემალ ქიქავა, მუხამედ წულუკიძე და სხვები. ქალაქში იყო საზეიმო განწყობილება. უკრავდა მუსიკა. იყო ნამდვილი ზეიმი. ბულვარში გაიმართა დიდი სეირნობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ქალაქის მთელმა მოსახლეობამ. იმართებოდა სახელდახელო მიტინგები, სადაც ორატორები სიხარულით საუბრობდნენ ამ ღირშესანიშნავი მოვლენის შესახებ. საყურადღებოა აზიზიეს მოედანზე (დღევანდელი თავისუფლების მოედანი) გამართული მიტინგი. აქ სიტყვით გამოვიდა დავით მიქელაძე, რომელმაც ხალხს მოუთხრო ის დიდი ტანჯვაწამება, რომელიც აქაურმა მოსახლეობამ გადაიტანა თავისი ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე და მიუხედავად მრავალი დამპყრობელის მცდელობისა, რომ ეს ძირძველი კუთხე მოეწყვიტათ დედა-საქართველოსათვის, ადგილობრივმა მოსახლეობამ არ დაკარგა ქართველობა, მათ გაუძლეს ხოცვა-ჟლეტას, დარბევას, აწიოკებას და ეს ძირძველი ქართული მხარე კვლავ დაუბრუნეს მის მშობელ საქართველოს. ამ ზეიმში მონაწილეობას იღებდნენ ინგლისელები უილიამ სილვესტრი და ჯიმი ჰარტი. ისინი გაოცებულნი შეცქეროდნენ ამ მდგომარობას, რადგან უილიამ სილვესტრის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბათუმის ოლქი დიდი ხნის განმავლობაში არ იყო საქართველოს შემადგენლობაში და არც აქაური მოსახლეობაა ქრისტიანები, ისინი ისე ზეიმობდნენ ამ დღეს (ე.ი საქართველოსთან დაბრუნებას) როგორც ეს ნამდვილ დღესასწაულს შეჰფერისო. ხოლო ჯიმი ჰარტი კი აღნიშნავდა: ,,არ ვიცი რა უნდა მომხდარიყო აქ ისეთი, რომ ადგილობრივ მოსახლეობაში ასეთი აღფრთოვანება და ზეიმი გამოეწვია, როგორც ეს გამოიწვია საქართველოსთან დაბრუნებამ". ეს ნამდვილი სახალხო ზეიმი თითქმის გაგრძელდა ერთი კვირის განმავლობაში. ხალხს იმედი მიეცა. ყველანი მხიარულნი და საზეიმოდ განწყობილნი იყვნენ. ბათუმის ოლქის საგანგებო კომისრად დაინიშნა ცნობილი პიროვნება სოციალ-დემოკრატი ბენია ჩხიკვიშვილი. მას დიდი ავტორიტეტო ჰქონდა ადგილობრივ პარტიულ ორგანიზაციებში. მან ბათუმში ჩამოსვლისთანავ დააყენა საკითხი ბათუმის ოლქის მართვა-გამგეობის ორგანიზაციის შესახებ. ამ მიზნით მოიწვია თათბირი, სადაც გაიმართა მსჯელობა, თუ რა მეთოდები უნდა გამოეყენებინათ ადგილობრივი მხარის მართვაში. უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო ინგლისელების მიერ შემოღებული მმართველობის სტილის შეცვლა. განსაკუთრებით დიდი ყურადღება მიექცა ქალაქ ბათუმს. გადაწყდა, რომ ბათუმის სამართავად უნდა შექმნილიყო საქალაქო საბჭო, ხოლო ქალაქისთვის უნდა ეხელმძღვანელა ქალაქის მოურავს, რომელიც ანგარიშვალდებული უნდა ყოფილიყო საქალაქო საბჭოს წინაშე.
საკვანძო სიტყვები: ბათუმის ოლქი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაში, ქართველ მუსლიმთა ორგანიზაცია, სოციალ-დემოკრატია, ბათუმის საქალაქო საბჭო მოურავის მეთაურობით.











