მამნე ოქრომჭედლის უცნობი ნამუშევარი მთის წმ. გიორგის მონასტრიდან და მისთვის დამახასიათებელი უნიკალური იკონოგრაფიული დეტალი

  • Nikoloz Zhghenti დოქტორანტი (ისტორიის პროგრამა), ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მკვლევარი (მ. ალექსიძის ქ. 1/3, თბილისი, საქართველო). http://orcid.org/0000-0002-5526-4105

Resumen

მთის წმ. გიორგის მონასტერში, ჩვენამდე მოღწეული ცნობების მიხედვით, 14-მდე საეკლესიო დანიშნულები სიძველე ინახებოდა. დღეისათვის შემორჩა მხოლოდ 3. ამ სიწმინდეების უმრავლესობა 1920-იანი წლების საბჭოთა ანტირელიგიურ მოძრაობას შეეწირა. მიუხედავად ამისა, შემორჩენილი აღწერილობების მიხედვით, ამ სიძველეების შესწავლა მეტნაკლებად შესაძლებელია.

სტატიაში შესწავლილია მთის წმ. გიორგის მონასტრის ერთ-ერთი შემორჩენილი სიძველე - წმ. გიორგის მცირე ზომის ვერცხლის მოოქროვილი ჭედური ხატი, რომელიც დღეისათვის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიულ მუზეუმშია დაცული. ვინაიდან ხატზე არ არის შემორჩენილი საქტიტორო წარწერა, უცნობი იყო მისი შესრულების პერიოდი და ოქრომჭედლის ვინაობა. თუმცა, ხატს ახლავს განმარტებითი წარწერა, რომლის პალეოგრაფიული ანალოგები მოიძებნა XVI ს-ის ცნობილი ოსტატის, მამნე ოქრომჭედლის მიერ მოჭედილ სადგერისა და ბარაკონის საკურთხევლისწინა ჯვრებზე. პალეოგრაფიული მსგავსებების გარდა, მამნეს ნამუშევრებსა და წმ. გიორგის ამ ხატს შორის გამოიკვეთა ასევე ხელის აშკარა მსგავსებებიც (როგორც ზოგადი ვიზუალი, ასევე დეტალები). გაჩენილი ვარაუდი, რომ მთის წმ. გიორგის ეს ხატიც მამნეს ხელს ეკუთვნოდა, საბოლოოდ დაადასტურა ერთმა უნიკალურმა იკონოგრაფიულმა დეტალმა - მონასტრის ხატზე, გველეშაპის ფრთაში გამოსახულია ადამიანის (დიოკლეტიანეს) პროფილი, რომლის ანალოგიც მხოლოდ და მხოლოდ სადგერის საკურთხევლისწინა ჯვრის წმ. გიორგის სცენაზე გვხვდება. მიუხედავად იმისა, რომ  სადგერის საკურთხევლისწინა ჯვარი კარგად არის ცნობილი სამეცნიერო ლიტერატურაში, ამ დეტალისთვის ყურადღება ჯერ არავის მიუქცევია. ყოველივე მიუთითებს, რომ მთის წმ. გიორგის მონასტრის წმ. გიორგის ეს ხატიც მამნეს მოჭედილი უნდა იყოს და მის შემორჩენილ ნამუშევრებს შორის რიგით მეშვიდეა. მონასტრის ხატი და სადგერის 1522/3-1534 წლების საკურთხევლისწინა ჯვარი, რომელზეც გვხვდება ანალოგიური სცენა, თითქმის იდენტურია და შეიძლება მის თანადროულადაც ჩაითვალოს. თუმცა, ჩემი დაკვირვებით, მთის წმ. გიორგის მონასტრის ეს ხატი, შედარებით უფრო დახვეწილი ხელობითაა ნაჭედი და სადგერის ჯვარზე გვიან უნდა იყოს შესრულებული. შესაბამისად, მის სავარაუდო თარიღად XVI საუკუნის შუა პერიოდი უნდა განისაზღვროს.

 საკვანძო სიტყვები: მთის წმ. გიორგის მონასტერი; წმ. გიორგის ხატი; მამნე ოქრომჭედელი; სადგერის საკურთხევლისწინა ჯვარი; ბარაკონის საკურთხევლისწინა ჯვარი; იმპერატორი დიოკლეტიანე; იკონოგრაფიული მოტივი; სახის პროფილი.

Publicado
2022-06-29
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია