ქეთევან წამებული პიეტრო დელა ვალეს წერილებში

  • Eldari Mamistvalishvili ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძისქ., No53,1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-5978-7624

Resumen

მკითხველს ვთავაზობ ქეთევან დედოფალ  წამებულის სპარსეთში, შირაზში ტყვეობის აქამდე სრულიად უცნობ  რამდენიმე ეპიზოდს,  რომლებიც მოცემულია  იტალიელი მოგზა­ურის, ისტორიკოსის, არქეოლოგის, დიპლომატის, ლიტერატორის, პოეტის, მუსიკოს-მოყვარულის, პიეტრო დელა ვალეს წერილებში. დელა ვალე აღმოსავლეთის ქვეყნებში (ოსმალეთი, სპარსეთი, ინდოეთი) თორმეტწლიანი  მოგზაურობის დროს  დაწერილ და რომში გაგზავნილ წერილებში (სულ 56 წერილი, დაკარგულია 2) გაფანტულ ცნობებს  ქეთევან დედოფალის შესახებ, რომლებიც არასოდეს ყოფილა სამეცნიერო მიმოქცევაში.

დელა ვალეს არ უმოგზაურია საქართველოში, მაგრამ იცნობდა შაჰ-აბასის მიერ სამშობლოდან აყრილ და სპარსეთის სხვადასხვა ადგილებში, განსაკუთრებით ისპაანსა და შირაზში გადასახლებულ ქართველებს,   ზოგიერთთან   ახლო ურთიერთობა და მეგობრობა ჰქონდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ მას ცოლად ჰყავდა თავისი გაზრდილი  ქართველი თინათინ დი ზიბა (დელა ვალეს ოჯახში მას მარიუჩას ეძახდნენ, თვითონაც წერილებში უმეტესად ამ სახელით მოიხსენიებდა). მან, ქართველებზე შეყვარებულმა, მათ საკეთილდღეოდ ბევრი სასიკეთო საქმის გაკეთება სცადა. ის იყო ინიციატორი და ორგანიზატორი საქართველოში კათოლიკე მისიონერების გამოგზავნის. დელა ვალემ ამით მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა საქართველოს ევროპასთან დაახლოებას. ეს პროცესი    გაგრძელდა თითქმის ორი საუკუნე, XVII საუკუნის 20-ანი წლებიდან XVIII  საუკუნის დასასრულამდე.

სტატიის მიზანია მკითხველს გააცნოს პიეტრო დელა ვალეს ინფორმაცია სახელგან­თქმული, საქართველოსთვის და ქრისტიანული (მართლმადიდებელი) ეკლესიის­ათვის თავდადებული ქეთევან დედოფლის  (წამებული) შირაზში ტყვედ ყოფნის პერიოდის რამდენიმე ეპიზოდი. დელა ვალე დედოფალს პირადად არასოდეს შეხვედრია, მაგრამ იცნობდა იმ სასულიერო პირებს, რომლებიც დედოფლის გარემოცვაში იმყოფებოდნენ.  დელა ვალეს დედოფლის შესახებ საინტერესო ცნობები მიაწოდა, აგრეთვე ერთ-ერთმა ქართველმა დიდებულმა, ბატონმა მერაბმა, როგორც დელა ვალე მას მოიხსენიებდა. მაგრამ განსაკუთრებით აღსანიშნავია ზემოთხსენებული თინათინის (მარიუჩას) როლი ქეთევან დედოფლისა და იტალიელი მოგზაურის ურთიერთობაში. თინათინი მათ შორის შუამავლობდა. თინათინი დედოფლის ხშირი სტუმარი იყო და დაბრუნების შემდეგ დელა ვალეს დეტალურად უყვებოდა დედოფლის საცხოვრებელ სახლში ნანახისა და მოსმენილის შესახებ. ძალიან საინტერესოა ის საჩუქრები (ხატები და წიგნები), რომლებიც ქეთევან დედოფალმა და დელა ვალემ ერთმანეთს გაუგზავნეს.

სტატიის დანართში მოცემულია დელა ვალეს წერილებიდან ამონარიდების ქართუ­ლი თარგმანი.

 

საკვანძო სიტყვები: პიეტრო დელა ვალე, ქეთევანი, თინათინი, სპარსეთი, შირაზი, მერაბი

Publicado
2022-06-29
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია