ქართველთა ანთროპონიმები და პატრონიმები დუზჯეს რეგიონში (თურქეთი)
Resumen
ჩვენს სტატიაში მიმოვიხილავთ იმ ანთროპონიმებსა და პატრონიმებს, რომლებიც დასტურდება დუზჯეს რეგიონში (თურქეთი) მცხოვრებ ქართველთა შორის. როგორც ცნობილია, დუზჯელ ქართველებს დღემდე მეტ-ნაკლებად კარგად აქვთ შემონახული ეთნიკური იდენტობა. მათი წინაპრები - ქართველი მუჰაჯირები რწმენით სუნიტი-მუსლიმანები იყვნენ და, შესაბამისად, არაბულ და ოსმალურ სახელებს ატარებდნენ, თუმცა გვარები ქართული ჰქონდათ - ან თავდაპირველი სახით შემონახული, ანდა ოსმალურ ყაიდაზე შეცვლილი.
აღსანიშნავია ისიც, რომ ოსმალეთის იმპერიის ქვეშევრომებს გვარები, როგორც ასეთი, არ ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, იქ მცხოვრები არათურქული წარმომავლობის ხალხები (ქართველები, ალბანელები, ბოსნიელები...) ატარებდნენ ე.წ. „მეტგვარებს“, რომლებიც ნაწარმოები იყო ისლამზე მოქცეული მათივე წინაპრების სახელებისაგან. ასევე, ჰქონდათ ძველი გვარები (განსაკუთრებით - არისტოკრატიას), ოღონდ, როგორც ითქვა, თურქულ-ოსმალურ ყაიდაზე შეცვლილი. ყოველი ასეთი გვარი შეიცავდა ძველ ეპონიმს და თურქულ-ოსმალურ სუფიქსს.
დღესდღეობით, დუზჯელი ქართველები ატარებენ იმ თურქულ სახელებსა და გვარებს, რომლებიც მათთვის, როგორც თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქეთათვის, სავალდებულო გახდა მუსტაფა ქემალ ათათურქის 1934 წლის კანონის (თურქ. Soyadı Kanunu) შესაბამისად. ჩვენ მიერ მოპოვებული მასალების თანახმად, დუზჯეს მკვიდრ ქართველთა საკუთარი სახელები (ანთროპონიმები) თურქულია ან არაბული (ისლამის რელიგიიდან გამომდინარე), თუმცა მეტსახელები უკლებლივ ქართულია. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არაიშვიათად, როცა გვეცნობოდნენ, დუზჯელი ქართველები გვეუბნებოდნენ მათ მიერვე შერქმეულ ქართულ სახელებს - განსხვავებულს იმათგან, რაც პასპორტებში ეწერათ.
სტატიაში საილუსტრაციო მასალა მოცემულია იბერიულ-კავკასიურ ენათათვის ლათინური გრაფიკის საფუძველზე შემუშავებული ტრანსკრიფციით.
საკვანძო სიტყვები: ქართველები, ანთროპონიმები, პატრონიმები, საქართველო, დუზჯე











