ქართული ხელნაწერი წიგნის მომხატველთა შესახებ
Resumen
წინამდებარე ნაშრომში განხილულია ქართული ხელნაწერი წიგნების მომხატველი ოსტატების შემოქმედება და მოხატულობასთან დაკავშირებული ტერმინები. მომხატველთა სახელების მოხსენიება მათი თავმდაბლობისა და მოკრძალების გამო ქართულ ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში იშვიათია. ძირითადად, ცნობილია გადამწერთა ანდერძები, სადაც თხრობა ხშირად მიმდინარეობს დამკვეთის პირით. დამკვეთი იყო წამოწეული წინა პლანზე, რადგანაც მის გემოვნებასა და შეძლებაზე იყო დამოკიდებული ხელნაწერის ლამაზად წერა თუ შემკობა.
ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებში მხოლოდ რამდენიმე მომხატველის სახელია მითითებული. ხელნაწერთა ანდერძ-მინაწერებიდან ცნობილია ჯრუჭი I ოთხთავის მომხატველი თევდორე (H 1660 , 940წ.); XIII საუკუნის ერთ-ერთ ოთხთავში მათეს სახარების დამაგვირგვინებელი თავსამკაულის გასწვრივ მათე მხატვარია მოხსენიებული (A496); თამარ მეფის მიერ კონსტანტინეპოლში დაკვეთილი ვანის სახარების მომხატველი მიქაელ კორესელია (A1335 XII-XIII სს.); XIV საუკუნის ოთხთავის ანდერძში მომხატველად დასახელებულია ავგაროზ ბანდაისძე და ა. შ.
გადამწერი ხელნაწერის მოხატულობასაც ასრულებდა. გადამწერი-კალიგრაფი რომ მხატვრობაშიც განსწავლული იყო, ამას ადასტურებს კალიგრაფისა და მომხატველის ავგაროზ ბანდაისძის ანდერძი XIV საუკუნის „პარაკლიტონში“ A 575.
მოგვიანო ხანაში ჩამოყალიბდა კალიგრაფთა საგვარეულო დინასტიები (ბედისმწერლიშვილების, თუმანიშვილების, გაბაშვილების, მესხიშვილების, მიქაძეების), რომლებშიც შთამომავლობით გადადიოდა კალიგრაფიული ხელოვნება, ტექსტების მხატვრული გაფორმებისა და ასევე ისტორიული საბუთების შედგენისა და შესრულების ტრადიცია.
გადამწერისა და მხატვრის იდენტიფიკაცია ეყრდნობა ტექსტისა და მოხატულობის მჭიდრო კომპოზიციურ კავშირს, კერძოდ, როცა ტექსტი შეჭრილია ორნამენტულ შემკულობაში, როცა გადამწერის ანდერძი მხატვრულად უკავშირდება შემკულობას ან როცა მთავრული ასოს მოხატულობა შეჭრილია თავსამკაულში. მხატვრულ-სტილისტური დახასიათების საფუძველზე გამოირჩევიან პროფესიონალი მინიატიურისტები და მხატვარ-დეკორატორები (ორნამეტების შემსრულებელნი), რომელთა შემოქმედება ხალხურ ნიმუშებს უკავშირდება.
გადამწერისა და მხატვრის იდენტიფიკაციის შედეგად ქართველ ოსტატთა გალერეას შეემატა მრავალი, დღემდე უცნობი მხატვრის სახელი.
საძიებო სიტყვები: ხელნაწერი, მომხატველი, მხატვარი, საგვარეულო დინასტიები.











