მიგრაციები ძველ შუამდინარეთში: გუთიების ისტორიულ-ენობრივი გავლენები
Resumen
სტატია ეხება თანამედროვე ზაგროსის მთიანეთის ტერიტორიაზე (დასავლეთი ირანი) ძვ.წ. III-I ათასწლეულებში მცხოვრებ ძველაღმოსავლურ ტომებს. კვლევის მთავარ ობიექტს ხსენებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ის დიდი ეთნიკური ჯგუფები (გუთიები, კასიტები) წარმოადგენენ, რომელთაც შესამჩნევი გავლენა ჰქონდათ ძველ შუამდინარულ ცივილიზაციებზე და შესაბამისად, ხშირად არიან მოხსენიებულნი ლურსმულ წყაროებში.
იდეალური საცხოვრებელი პირობების მქონე ნოყიერი ნახევარმთვარის ტერიტორია ათასწლეულების მანძილზე არაერთი მასიური მიგრაციის მომსწრე გამხდარა. აღმოსავლეთით მდებარე ზაგროსის მთიანეთის რეგიონიდან ჩამოსახლებული ტომების შემთხვევაში, როგორც წესი, მიგრაციებს ძალადობრივი ხასიათი გააჩნდათ, რაც თვალსაჩინოდ არის აღწერილი ძველ შუმერულ და ბაბილონურ ტექსტებში. ხსენებული წყაროების გაანალიზება ერთის მხრივ სუბიექტურ, თუმცა, ამავდროულად მნიშვნელოვან ინფორმაციას გვაწვდის ჩამოსახლებული ხალხების და ეთნოსების კულტურული მახასიათებლების შესახებ.
გუთიებისა თუ სხვა ზაგროსელი ხალხების წარმომავლობა დღემდე ბურუსით არის მოცული. ძალზედ მწირი ინფორმაცია მოიპოვება მათი ენების სტრუქტურისა და გენეტიკური კლასიფიკაციის შესახებ, თუმცა, დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ირანის ზეგნის უძველესი მოსახლეობის ენები განსხვავდებოდა როგორც შუმერული, ასევე აქადური ენებისგან, რაც მიგრაციის ლინგვისტური ასპექტის შესწავლას საკმაოდ საინტერესო საკითხად აქცევს.
ძირითადად შუმერულ და აქადურენოვან ტექსტებში მოყვანილი ცნობების თარგმნისა და ანალიზის საფუძველზე გამოთქმულია რამდენიმე მოსაზრება გუთიების ტომის შუამდინარეთის ტერიტორიაზე მიგრაციის ტიპის, მათი კულტურული მახასიათებლებისა და გუთიური ენის შესახებ.
ნაშრომში პრაქტიკულად სრულყოფილად არის განხილული ის შედარებები და მეტაფორები, რომლებიც შუმერმა მწერლებმა ირანის ზეგანიდან ემიგრირებული დამპყრობლების აღსაწერად გამოიყენეს. ამასთან, რამდენიმე საკუთარი სახელის შესწავლის და შედარებითი ანალიზის შედეგად გამოთქმულია მოსაზრებები გუთიების წარმომავლობისა და მეზობელ ხალხებთან არსებული სავარაუდო კავშირების შესახებ.
საკვანძო სიტყვები: გუთიები, შუმერები, კასიტები, მიგრაცია, ასირიოლოგია.











