საქორწინო კავშირების რეგულირების ნორმები სამეგრელოში
Resumen
სტატია ეძღვნება სამეგრელოში ავტორთა მიერ უშუალოდ ველზე მოპოვებული ახალი ეთნოგრაფიული და საარქივო მასალების საფუძველზე, საქორწინო კავშირების ამკრძალავ და დამაბრკოლებელ გარემოებებს და ეკზოგამიის წესებს გვარსახელთა, თუ ცალკეული სოციუმის წევრთა შორის, რომელიც დღესაც დასტურდება არა როგორც გადმონაშთი, არამედ როგორც ცხოვრების წესი.
გვარსახელი, ეთნოსის შესწავლის მნიშვნელოვანი ელემენტია, რომელიც ანთროპოლოგიური და თანამედროვე გენეტიკური (დნმ კველევები) კვლევების მიმართულებითაც მეტად მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია, რამდენადაც გვარსახელი განიხილება არა მარტო ისტორიულ-ეთნოლოგიური თვალსაზრისით, არამედ როგორც ბიოლოგიური, ანუ გენეტიკური მარკერების ანალოგი. ამ მხრივ გვარსახელი უტყუარ გენეტიკური ინფორმაციის მატარებელია. ქორწინებათა წრე განსაზღვრავს მოსახლეობის გენეტიკურ და მორფოლოგიურ პოლიმორფიზმს, ინბრიდინგს, პანმიქსიას.
ეკზოგამიის წესების ფიქსირება და შესწავლა მნიშვნელოვანია ჩვეულებრივ ყოფაში სისხლის აღრევის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად, რამდენადაც ნათესავებს შორის ქორწინება იძლევა მავნე შედეგებს, როგორც გენეტიკური, ისე სოციალური თვალსაზრისით.
სამეგრელოში რამდენიმე ასეული გვარია ისეთი, რომელთა შორის ქორწინება დღესაც აკრძალულია. ამის მიზეზები სხვადასხვაა (სოციალური, ეკონომიკური, ფეოდალური ურთიერთობები და სხვ.). ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია გვარების ისტორიული მახსოვრობა ოდესღაც მათი თანამოგვარეობის შესახებ. კერძოდ, არსებობენ ისეთი გვარები, რომლებიც ტერიტორიულად ძალზე შორს ცხოვრობენ, მაგრამ ერთმანეთში არ ქორწინდებიან, რადგან მათ გადმოცემით ახსოვთ, რომ ისინი ოდესღაც ერთი გვარისანი იყვნენ. სამეგრელოში ეკზოგამია დაცულია, არა მარტო გვარის შიგნით, ე. ი. სისხლით, არამედ მოყვრობით და ხელოვნურ დანათესავებულებშიც. ამ და სხვა მიმართულებით გამოვლინდა ქორწინების გამომრიცხველი და დამაბრკოლებელი შემდეგი გარემოებები: 1. საერთო წარმომავლობის ხსოვნა; 2. „გინოჩამა“, ანუ ხატზე გადაცემა; 3. კონკრეტული გვარის კონკრეტულ „გამნარყთან“ (ერთ გენეალოგიურ ჯგუფთან) „ოხვამერით“ ანუ ლოცვით დაკავშირება; 3. ერთი ხატის ყმობა; 4. სოციალური უთანასწორობა; 5. ერთი მონოგენური სოფლის, უბნის შიგნით ქორწინების აკრძალვა; 6. ნათელ-მირონობა და მეჯვარეობა; 7. ხელოვნური ნათესაობის სხვადასხვა ფორმები; 8. ენდოგამია 9. დაავადებები.
საკვანძო სიტყვები: სამეგრელო, ეკზოგამია, ენდოგამია, გვარსახელი, ქორწინებათა წრე, ეთნოლოგია, ანთროპოლოგია.











