რუსეთის კოლონიური პოლიტიკა და სამაჩაბლო

  • GIORGI SOSIASHVILI ისტორიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი http://orcid.org/0000-0002-2406-8662

Resumen

სამაჩაბლოს (დიდი ლიახვის ხეობის) პოლიტიკურ ისტორიასთან მჭიდროდ არის და-კავშირებული საქართველოს სამეფო სახლის წარმომადგენლების და ფეოდალური არისტოკრატიის ბრძოლა რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ, რამაც აქტიური ხასიათი 1802 წლიდანვე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ მაჩაბელთა ფეოდალური საგვარეულოს რამდენიმე წევრი რუსული ხელისუფლების სამსახურში იდგა, მათი საერთო განწყობა მკვეთრად ანტირუსული იყო. მაჩაბლებმა აქტიური პოზიცია დაიკავეს რუსეთის კოლონიური პოლიტიკის საწინააღმდეგო გამოსვლებში და ქართლ-კახეთის სამეფო სახლის წევრთა მხარდამხარ იბრძოდნენ [სოსიაშვილი,2016:18-33]. ამბოხებული ქართველი ბატონიშვილები რუსების წინააღმდეგ ერთიანი ფრონტის შექმნას ცდილობდნენ და კავკასიელთა საერთო საქმეში მათ სამეფო სახლის ერთგული ოსების დახმარების იმედიც ჰქონდათ. ქართულ საისტორიო წყაროებში საკმაოდ ბევრი ცნობაა შემონახული, ქართველი მეფეების აქტიურ ურთიერთობაზე ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრებ ოსებთან, რომლებიც საგარეო მტრების შემოსევების დროს ხშირად ქართველების მხარდამხარ იბრძოდნენ.

ოსების მხარდაჭერა რუსეთის მიერ დაპყრობილი საქართველოს მიმართ მალე გამოიკვეთა. 1802 წელს ამბოხებულ ვახტანგ ბატონიშვილს აქტიურად ეხმარებოდნენ თაგაურელი ოსები. Aამის გამო რუსმა გენერალმა ტუჩკოვმა ოსებს ეკონომიკური სანქცია დაუწესა, რაც იმას ნიშნავდა, რომ ოსებს ბარიდან მარცვლეულის შეტანა ეკრძალებოდათ, ეს, რა თქმა უნდა, მთაში მცხოვრები ოსებისათვის დიდ დარტყმა იყო [თოგოშვილი, 1969:73].

მთავარმართებელმა ციციანოვმა 1804 წელს თაგაურელი ოსებისათვის გზის გადაკეტვაც სცადა, რათა ისინი საქართველოს აღარ დაკავშირებოდნენ, [თოგოშვილი, 1969:73], ამის მიუხედავად, ოსებს მაჩაბლებისა და ბატონიშვილებისადმი მხარდაჭერა არ შეუწყვეტიათ. მათ განსაკუთრებით უერთგულეს რუსების ძალადობას გაქცეულ და ლიახვის ხეობაში თავშეფარებულ ლუარსაბ იულონის ძე ბატონიშვილს. რუსული ხელისუფლების მხრიდან ადგილობრივი მოსახლეობის დაშინების, მოსყიდვისა თუ სხვა მცდელობების მიუხედავად, მათ ლუარსაბ იულონის ძის ხელში ჩაგდება ვერ მოახერხეს და დევნილი ბატონიშვილი მძარცველი ლეკების მიერ იქნა მოკლული, მაგრამ რუსული ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ლევან იულონის ძის მკვლელი ლეკები ახალციხის ფაშამ ,,ძელზე გასვა“. არც მკვლელთა ოჯახებს დაადგათ კარგი დღე. ადგილობრივმა მოსახლეობამ ისინი ოჯახებიანად გააძევა საკუთარი აულებიდან. რუსეთის კოლონიური პოლიტიკის წინააღმდეგ ქართველი, ოსი, ჩეჩენი და სხვა კავკასიელი ხალხების ერთობლივი ბრძოლის შემთხვევებს სხვა დროსაც ჰქონდა ადგილი, მაგრამ, ცალკეული შემთხვევები კავკასიაში უკვე მყარად ფეხმოკიდებული რუსთა ბატონობის წინააღმდეგ საკმარისი აღარ აღმოჩნდა.

საძიებოო სიტყვები: ლევან და იულონ ბატონიშვილები, მაჩაბლები, ოსები, ლეკები, რუსული კოლონიალიზმის წინააღმდეგ ბრძოლა.

Publicado
2021-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია