ინფექციური დაავადებები და მათი მკურნალობა ქართულ წერილობით წყაროებში
Resumen
სტატიაში მიმოხილულია სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები (ფუნდამენტური ნაშრომები “წიგნი სააქიმოი“, „იადიგარ დაუდი“, „უსწორო კარაბადინი“, კრებულები, ცალკეული თხზულებები, კარაბადინები ), რომელთა ქრონოლოგიური ჩარჩო მოიცავს X-XIX სს-ებს; ისინი ასახავენ ცნობებს ინფექციური დაავადებებისა და მათი მკურნალობის შესახებ; ასევე, სამედიცინო ცნობები მემუარულ ლიტერატურაში ფოკუსით, საზოგადოების მიერ აღნიშნული დაავადებების აღქმაზე, წარმოდგენებზე, გამომწვევ მიზეზებსა და მართვის ხერხებზე.
სტატიაში მასალა წარმოდგენილია ქრონოლოგიური, დარგობრივი და კულტურული გარემოსადმი კუთვნილების კუთხით: წარმოჩენილია თხზულებების ავტორთა თუ მთარგმნელ - გარდამთქმელთა როლი ეპიდემიოლოგიური დაავადებების შესახებ ცოდნის, სპეციალური ტერმინოლოგიის დამკვიდრების, აღმოსავლური და ევროპული ტრადიციის დანერგვის თავლსაზრისით.
ქართულ ხელნაწერ მემკვიდრეობაში ასახულია ზოგიერთი ინფექციური დაავადების - შავი ჭირის, ქოლერის, კეთრის, ყვავილის, ტიფის - დიაგნოსტიკა, დასნეულებულთა რეგიონული და სოციალური თავისებურებების გავლენა დაავადებათა გავრცელებასა და მიმდინარეობაზე, მკურნალობის ტრადიციული, ხალხური და თანადროული მეცნიერული მეთოდები, მათ შორის, ვაქცინაცია, განრიდება/იზოლაცია, სხვა ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებები.
აღნიშნული ხელნაწერები ინახავს ცნობებს აღმოსავლელი, მუსლიმი და ევროპელი, ასევე, რუსი მედიკოსებისა და მეცნიერების შესახებ (გალენი, ჯენარი და სხვები); გარკვეულწილად, წარმოგვიდგენს საზოგადოების მიერ ინფექციური დაავადებებისადმი მიდგომის დეტალებს, ზოგადად, საერთო ცოდნასა და მედიცინის განვითარების სურათს კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში.
საკვანძო სტყვები: ინფექციური დაავადებები, ვაქცინაცია, ხელნაწერი, კოლექციები, კარაბადინი, წყაროები











