ახალციხის სინაგოგის დაარსების თარიღისათვის

  • TSIRA MESKHISHVILI განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი საქართველო, ახალციხე, რუსთაველის ქ. 113 http://orcid.org/0000-0002-5196-4155

Resumen

სტატიაში  გამახვილებულია ყურადღება ახალციხის ე.წ. „ებრაელთა უბანში“ არსებული  სინაგოგების, განსაკუთრებით კი ძველი სინაგოგის ისტორიაზე. სხვადასხვა  წყაროებით, ნარატივებით და ებრაული თემის მეხსიერებაში შემორჩენილი ზეპირი ინფორმაციით   ცნობილია, რომ სალოცავის აშენება ახალციხეში  დაახლოებით 150 წლის წინ დაწყებულა,  მეორეს მხრივ, ებრაელთა ძველი  სინაგოგის  მშენებლობის    უფრო ადრეული  თარიღის სხვა ვერსიაც არსებობს, რომელსაც სალოცავის დაარსება  280 წლიან ისტორიას უკავშირდება. რომელი თარიღია ამ ორიდან უფრო სარწმუნო, წარმოდგენილ  სტატიაში ამ საკითხზე მსჯელობის და უტყუარი არგუმენტების  განხილვის მცდელობას წარმოვადგეთ.

 ახალციხეში ებრაელთა უბნის ძირითადი ნაწილი სალოცავებთან ახლოს იყო  განლაგებული და  პირველ რიგში, მათ რელიგიურ-კულტურულ და  საზოგადოებრივი ცხოვრების ცენტრს წარმოადგენდა. ახალციხის ებრაელთა  უბანში  ამჟამად  ორი სალოცავია შემორჩენილი: ერთი  მოქმედი, მეორე - გაუქმებული.   შედარებით უფრო ძველი  სალოცავის შესასვლელი კარის თავზე კარგად შემორჩენილი  სამშენებლო წარწერა ებრაულ ენაზე გვამცნობს, რომ სალოცავი 1861-62წლებში აშენებულა, მეორე, გაუქმებული სალოცავი კი ასევე წარწერით დადასტურებული მშენებლობის თარიღით-1902 წელი. მოქმედი  სინაგოგის  დღემდე შემორჩენილ სამშენებლო წარწერის მიხედვით ახალციხელ ებრაელთა თემი მიიჩნევს სარწმუნოდ მშენებლობის ამ პერიოდს, რადგან მათ მეხსიერებას სინაგოგის აშენების თარიღის უფრო ადრეული ვერსია არ შემორჩა. ამის პარალელურად არსებობს მეორე, არანაკლებ საინტერესო მოსაზრება, რომელიც სალოცავის აგების ბევრად უფრო ადრეულ წლებზე მიგვანიშნებს. 

 ჩვენს მიერ მოძიებული წყაროებიდან ერთ ერთ საგულისხმო დოკუმენტად მიგვაჩნია  ცნობილი ევროპელი მოგზაურისა და მეცნიერის იუდა ჰალევი ჩორნის დღიურებში აღწერილი მასალები  ახალციხის სინაგოგის შესახებ. იგი 1869 წელს, ახალციხეს სტუმრობისას ხაზგასმით მიანიშნებს, რომ   სალოცავი, რომელიც მას დახვდა უბანში ყოფნის დროს, დაახლოებით საუკუნე ნახევრის წინ აშენებულა და ამასთანავე უამრავი საინტერესო ინფორმაციას იშველიებს მისი დასაბუთების მიზნით. მეტიც, ევროპელი მოგზაურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია   გვაძლევს უფრო დეტალურ  ინტერპრეტაციას არა მარტო  სინაგოგის დაარსების, არამედ მის პირველ რელიგიურ მსახურების,  მის მიერ აწაკითხული უფრო ადრეული სამშენებლო წარწერის, სალოცავის რეგისტრაციის წიგნებისა და სხვა ფაქტების შესახებ, რაც მოგზაურის  მხრიდან გადმოცემული ინფორმაციის სისწორეს ადასტურებს და ფაქტების დამახინჯების ალბათობას გამორიცხავს.

 ი. ჩორნის  მიერ მოწოდებული  ინფორმაციების, ახალციხეში ებრაელთა დასახლების უფრო ადრეული პერიოდის ისტორიული წყაროების, სასაფლაოების, უძველესი  ებრაული  ეპიგრაფიკის   დეტალურად შესწავლა და მისი ობიექტური ანალიზი საშუალებას გვაძლევს ახალციხის სინაგოგის არსებობა  ერთი საუკუნით უკან გადავწიოთ. ეს  თავის მხრივ, ნიშნავს იმასაც, რომ  ახალციხის სინაგოგა ევროპაში ერთ ერთი უძველესი  ებრაული სალოცავის სტატუსს დამსახურებულად  მოიპოვებს.

საკვანძო სიტყვები: ახალციხე;  ებრაელთა უბანი; სინაგოგა; მოგზაური; ებრაული წარწერა; საფლავის ქვები; სტატუსი; სალოცავი.

Publicado
2021-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - საქართველოს ისტორიის სექცია