ლოგისტიკის პრობლემები და ძირითადი გამოწვევები საქართველოში

  • Lali Osadze ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, http://orcid.org/0000-0003-1394-3633
  • Maka Sosanidze ეკონომიკის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, http://orcid.org/0000-0002-1572-1471

Resumen

უკანასკნელ წლებში ლოგისტიკას დიდი მნიშვნელობა ენიჭება, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე. ,,ტრანზიტული ქვეყნის“ სტატუსი დიდი ხანია მნიშვნელოვანი წინაპირობაა საქართველოს ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისათვის. ეკონომიკის ზრდასთან ერთად, გაფართოვდა, საქართველოს, როგორც ტრანსკავკასიური დერეფნის ფუნქცია. ეს არის უმოკლესი გზა, რომელიც აკავშირებს აღმოსავლეთ აზიას ევროპასთან. საქართველოს ტერიტორიაზე გადის მნიშვნელოვანი სარკინიგზო, საავტომობილო და მილსადენი ტრანსპორტი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია კასპიის ზღვიდან შავ ზღვამდე ტვირთის იაფად და ეფექტურად ტრანსპორტირება და პირიქით. ბოლო წლებში განხორციელებული ეკონომიკური და ინფრასტრუქტურული რეფორმების შედეგად, საქართველოში სატრანსპორტო  და ლოგისტიკური სექტორი მნიშვნელოვნად განვითარდა, მაგრამ, ჯერ არასაკმარისად. ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის, საბაჟო პროცედურების გამარტივებისა და ეკონომიკის ძირითად სექტორებში მომსახურების ლიბერალიზაციის შედეგად, გაიზარდა ქვეყნის სატრანზიტო და ლოგისტიკური პოტენციალი, რაც უზრუნველყოფს უკეთეს კავშირებს საერთაშორისო ბაზრებზე. საქართველო ამჟამად ახდენს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მოდერნიზებას და გაფართოებას. ამავდროულად, გრძელდება საკანონმდებლო დაახლოება ევროკავშირთან ტრანსპორტის სფეროში, რაც პრიორიტეტული საკითხია საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში. პოტენციალის რეალიზებისათვის მნიშვნელოვანია ქვეყნის ინფრასტრუქტურის, ტრანსპორტის, ლოგისტიკის, კომუნიკაციების, ენერგრტიკის, ტექნოლოგიების, განათლებისა და ფინანსური ჰაბების განვითარება. დონორები დახმარებას უწევენ საქართველოს ლოგისტიკური მიზნების მიღწევაში. მათი დახმარებით მომზადდა საქართველოს 2021-2030 წლების ეროვნული ლოგისტიკური სტრატეგია, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს ლოგისტიკური სექტორი ტრანსფორმაციის პროცესშია. საქართველოში ლოგისტიკური სექტორის მდგომარეობის მნიშვნელოვანი მაჩვენებელია მსოფლიო ბანკის ინდექსი (LPI), სადაც, საქართველო არცთუ სახარბიელო ადგილზეა (119-ე ადგილი 160 ქვეყანას შორის). ლოგისტიკის ინდექსი ასახავს საერთაშორისო სერვისის პროვაიდერებისა და ბიზნეს ოპერატორების ხედვას, იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ქვეყნების ინტეგრირება გლობალურ ლოგისტიკურ ქსელში. აქედან გამომდინარე, ის ასახავს, არა მხოლოდ ცვლილებებს მთელი ქვეყნის მასშტაბით, არამედ, საზღვარგარეთ წვდომასთან დაკავშირებულ პრობლემებსაც. აღსანიშნავია, რომ გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველომ დიდი ინვესტიცია განახორციელა საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებაში, მაგრამ ლოგისტიკური და ინტერმოდალური ინფრასტრუტურა განაგრძობს განვითარებას საერთაშორისო დონეზე, რაც საქართველოში იწვევს დაბალ ეფექტურობას, შედარებით მაღალ ღირებულებას და ლოგისტიკის ნაკლებ საიმედოობას,  რაც უარყოფითად აისახება საერთაშორისო გადაზიდვებზე. პანდემიის დაწყებამ ხაზი გაუსვა სატრანსპორტო და ლოგისტიკური სისტემების კრიტიკულ მნიშვნელობას, რომელსაც აქამდე არ ექცეოდა დიდი ყურადღება.

 მიუხედავად, მიღწეული წარმატებისა, საქართველოს რეგიონულ სატრანზიტო და ლოგისტიკურ ჰაბად გარდაქმნასთან დაკავშირებით, მრავალი პრობლემა რჩება. სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სერვისების გაუმჯობესების მცდელობები უნდა გაგრძელდეს მანამ, სანამ არსებული შეზღუდვები სრულად არ მოიხსნება. მომსახურების ცუდი ხარისხი, მოძველებული ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა, მიწოდების ჯაჭვის არაეფექტური მენეჯმენტი, პერსონალის არაორგანიზებულობა და ცუდი კვალიფიკაცია - ეს არის არასრული სია, პრობლემებისა, ლოგისტიკის სფეროში.       ტრანსპორტისა და ლოგისტიკის განვითარების ეფექტური და თანმიმდევრული პოლიტიკა საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის ინვესტიციებისათვის და გააუმჯობესებს ქვეყნის ეკონომიკურ პოტენციალს.

საკვანძო სიტყვები: ლოგისტიკა; რეგიონული სატრანზიტო და ლოგისტიკური ჰაბი; ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა; მიწოდების ჯაჭვი.

Publicado
2022-12-29
Sección
Articles