ფრილანსინგის განვითარება საქართველოში

  • Ana Chagelishvili ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორანტი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, http://orcid.org/0000-0003-3683-3533
  • Natia Surmanidze ეკონომიკის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი, გურამ თავართქილაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი, http://orcid.org/0000-0003-2116-6571

Resumen

საქართველოში, როგორც განვითარებად ქვეყანაში, დასაქმების რიგი პრობლემების გამო, ბოლო წლებში განსაკუთრებით პოპულარული გახდა ე.წ. გიგ ეკონომიკის არაერთი მიმართულება, მათ შორის პლატფორმებზე დაფუძნებული ფრილანსინგიც.

ფრილანსინგი ციფრული ეკონომიკის მნიშვნელოვანი ნაწილია, თუმცა, რიგი ფაქტორების გამო, არაერთ ქვეყანაში სტატისტიკური მონაცემების და ზოგადად ინფორმაციის სიმწირე შეინიშნება. გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც დასაქმების ზემოაღნიშნული მიმართულება განვითარების საწყის ეტაპზეა. ეს ყოველივე თავის მხრივ განაპირობებს სამეცნიერო კვლევების სიმწირეს, რაც ქვეყანაში ფრილანსინგის განვითარების შესახებ წარმოდგენებს ბუნდოვანს ხდის და ხელს უშლის სამომავლო კვლევების ბაზისის შექმნას.

ბოლო წლებში, ფრილანსინგის განვითარება განსაკუთრებით დააჩქარა ციფრული პლატფორმების გამოჩენამ. გამონაკლისი არც საქართველოა, თუმცა, უშუალოდ საქართველოში, ამგვარი ვებ-გვერდების მდგომარეობა გარკვეულწილად შესასწავლია. შესაბამისად, აღნიშნული მიმართულების კვლევა აუცილებლად გულისხმობს ფრილანს პლატფორმების შესწავლასაც. ამ მიზნის მისაღწევად გამოყენებულია სამაგიდე კვლევა, სადაც ძებნის კრიტერიუმების საფუძველზე შესაბამისი საძიებო სისტემის გამოყენებით მიღებული ინფორმაცია დამუშავდა. შედეგად, აღწერილ იქნა ფრილანსინგის დღევანდელი მდგომარეობა საქართველოში და გაანალიზებულ იქნა არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი. ნაშრომის შედეგები მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება როგორც ამ საკითხით დაინტერესებული მკვლევრებისათვის, ისე ნებისმიერი პირისათვის.

გლობალური ფრილანსინგის ბაზრის შესახებ სტატისტიკური მონაცემების სიმწირის შემცირებასთან დაკავშირებით წინგადადგმული ნაბიჯია ბოლო წლებში შექმნილი ონლაინ შრომის ინდექსის ავტომატურ რეჟიმში დაანგარიშება. იგი 2016 წლიდან ანგარიშდება ავტომატურ რეჟიმში. ბოლო წლების განმავლობაში ონლაინ შრომის ინდექსი სეზონური და არასეზონური რყევებით ხასიათდებოდა, თუმცა, ტენდენცია მაინც მზარდია და 2016 წელთან შედარებით დღეს იგი გაორმაგებულია. საქმიანობის სხვა სფეროებთან შედარებით, ამგვარ ზრდაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის  პროგრამული უზრუნველყოფისა და ტექნოლოგიების სფეროს. აღნიშნული გასაკვირი სულაც არ არის, რადგანაც ეს სწორედ ის საქმიანობაა, რომელიც დისტანციური და თავისუფალი მუშაობის თითქმის ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებს. ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აშშ-ზე მოდის და ბაზრის ყველაზე მაღალი წილიც მას ეკუთვნის, რაც ნაწილობრივ გამოწვეულია ონლაინ შრომის ინდექსის ინგლისურენოვანი პლატფორმების ბაზაზე დაანგარიშებით.

საქართველოში ფრილანსინგის განვითარება ძირითადად განვითარებული ქვეყნების უკვეგანვლილ გზას გადის, თუმცა, ვაწყდებით საინტერესო მოვლენებსაც. მაგალითად, განვითარების ადრეულ ეტაპზე, უკვე პენიტენციურ სისტემაში, მსჯავრდებულების დასაქმებისთვის არსებობს ფრილანს სოციალური საწარმო.

საქართველოში, ცალკეული პლატფორმები საკუთრივ აწარმოებენ ისეთ სტატისტიკას, როგორიცაა რეგისტრირებული დამსაქმებლები, პროექტები, რეგისტრირებული ფრილანსერები და სხვა, თუმცა, აღნიშნული მონაცემები ერთიანი სურათის დანახვის საშუალებას არ იძლევა. როგორც ზემოთ აღინიშნა, საჭიროა საერთო მონაცემების ამსახველი მექანიზმის შემუშავება.

და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ არაერთი ბაზრის გაციფრულება მომავალში შენარჩუნებადი და მზარდი ტენდენციაა. დროთა განმავლობაში სულ უფრო მეტი პროფესია და საქმიანობა ტრანსფორმირდება და  დააკმაყოფილებს ფრილანს სამიანობის კრიტერიუმებს.

 

საკვანძო სიტყვები: საქართველო; ციფრული ეკონომიკა; ფრილანსინგი; ციფრული პლატფორმები; ონლაინ შრომის ინდექსი.

Publicado
2022-12-29
Sección
Articles