ონლაინ სწავლების მართვის პრობლემები COVID-19-ის პირობებში
Resumen
სამეცნიერო ნაშრომის - „ონლაინ სწავლების მართვის პრობლემები COVID-19-ის პირობებში“, მიზანია გამოკვეთოს ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებული ძირითადი თეორიები, ტერმინები, სხვადასხვა ონლაინ სასწავლო პლატფორმები, რომლებიც აკმაყოფილებს ციფრული გარემოსა და ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის საჭიროებებს. ნაშრომში განხილულია სწავლების არატრადიციული, ალტერნატიული მოდელები: ელექტრონული, ონლაინ, დისტანციური (სინქრონული, ასინქრონული), ჰიბრიდული და სხვა.
ტრადიციული განათლების მეთოდების პარალელურად უკვე წლებია წარმატებით ფუნქციონირებს ონლაინ სწავლება, რამაც განსაკუთრებული დატვირთვა შეიძინა 2020 წლის დასაწყისში, როცა მოულოდნელად მსოფლიოს თავს დაატყდა მძვინვარე პანდემია COVID-19. პანდემიის პირობებში, განათლების სისტემის ონლაინ რეჟიმზე გადართვა, ციფრული სწავლების სერვისების დანერგა, რთული გამოწვევა აღმოჩნდა განვითარებადი, ღარიბი საქართველოს განათლების სისტემისათვის. განათლების სისტემის მართვასთან, სწავლა-სწავლების სპეციფიკური ციფრული უნარ-ჩვევების სიმწირესთან, კომპიუტერებთან და სხვა ონლაინ რესურსებთან წვდომის პრობლემებთან ერთად, გამწვავდა ეკონომიკური პრობლემებიც, გაიზარდა სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მცხოვრები ადამიანების რიცხვი. საქართველოში სასკოლო ასაკის ბავშვების 15 პროცენტს არ აქვს სახლში ინტერნეტზე წვდომა, რაც აბრკოლებს მათ დისტანციურ სწავლასა და ონლაინ შესაძლებლობებზე წვდომას.
ნაშრომში წარმოდგენილია ონლაინ სწავლების მართვის ძირითადი გამოწვევები COVID-19 პანდემიის პირობებში, როგორც საბაზისო განათლების დონეზე, ასევე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. გამოთქმულია მოსაზრებები საქართველოში ონლაინ სწავლების სრულფასოვნად დანერგვისა და ციფრული რესურსების გამოყენების კომპონენტის გაძლიერების შესაძლებლობების შესახებ. ონლაინ სწავლება განათლების სისტემის მართვაში სტრატეგიულად მნიშვნელოვან მიმართულებად შეიძლება მივიჩნიოთ. ამ სერვისს მსოფლიოში უამრავი ადამიანი იყენებს. ონლაინ განათლებას არ აქვს საზღვრები, არ იზღუდება შეზღუდული შესაძლებლობებით, არის ეფექტიანი. ნაშრომში მიღებული შედეგები შესაძლოა დაეხმაროს საგანმანათლებლო დაწესებულებებს ონლაინ სწავლების ხარისხიანად დაგეგმვაში.
