ალტერნატიული გმირი და ეროვნული იდენტობის ტრანსფორმაცია აკა მორჩილაძის მოთხრობაში „მოგზაურობა კახეთში 1855“
Resumen
პოსტმოდერნისტულ თეორიაში ისტორია სულ უფრო ხშირად განიხილება არა როგორც წარსულის ფაქტების ნეიტრალური აღწერა, არამედ როგორც ნარატიული ფორმით ორგანიზებული ტექსტი. ჟერარ ჟენეტის ტრანსტექსტუალურობის თეორია, კონკრეტულად კი ჰიპერტექსტუალურობის ცნება, წარსულის ნარატიული წარმოდგენის ანალიზის საფუძვლად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ახალი ტექსტი ჰიპოტექსტის გადამუშავების შედეგად იქმნება და შეიძლება მის ტრანსფორმაციას ან იმიტაციას წარმოადგენდეს. სწორედ ასეთი ტრანსფორმაციები ქმნის ახალ სემანტიკურ სივრცეს, სადაც თავდაპირველი პერსონაჟები, სიუჟეტური ელემენტები და სიმბოლოები სრულიად განსხვავებულ კონტექსტში გვევლინება.
წინამდებარე ნაშრომი იკვლევს, თუ როგორ გარდაიქმნება ლუარსაბ თათქარიძე ილია ჭავჭავაძის „კაცია-ადამიანი?!“-ის ჰიპოტექსტიდან აკა მორჩილაძის „მოგზაურობა კახეთში 1855“-ის ჰიპერტექსტში და როგორ ქმნის ეს ტრანსფორმაცია ალტერნატიული გმირის მოდელს ეროვნული იდენტობის ახლებურად გადააზრების კონტექსტში. პერსონაჟი, რომელიც თავდაპირველ ტექსტში ეროვნული კრიტიკის ობიექტი იყო, ახალ ნარატიულ კონტექსტში ისტორიული მოქმედების შესაძლებლობის მატარებლად იქცევა.
ილიას ტექსტში ლუარსაბი უმოქმედობისა და სოციალური ინერტულობის სიმბოლოა, მორჩილაძის ტექსტში კი იგი მოვლენების აქტიურ მონაწილედ გვევლინება. ისტორიული გარემო, XIX საუკუნის კახეთი, საზოგადოება და კოლექტიური ტრაგედიის გამოცდილება პერსონაჟს წარმოგვიდგენს ისეთ ვითარებაში, სადაც არჩევანისა და მოქმედების შესაძლებლობა ჩნდება და იცვლება ლუარსაბის ფუნქციაც.
აკა მორჩილაძე ახდენს ლუარსაბის პერსონაჟის სემანტიკურ გადაადგილებას. ჰიპერტექსტი ინარჩუნებს კავშირს ჰიპოტექსტთან, თუმცა პერსონაჟის ფუნქციას ახალ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ ამ ტრანსფორმაციაში ვლინდება ჰიპერტექსტუალური გადამუშავების მთავარი ეფექტი.
მორჩილაძის ნარატივი გვთავაზობს ეროვნული იდენტობის კრიტიკულ გადააზრებას. ლუარსაბ თათქარიძის პერსონაჟის ახლებური ინტერპრეტაცია აჩვენებს, რომ ეროვნული სიმბოლოები ფიქსირებული და უცვლელი არ არის; ისინი ტექსტუალური გადამუშავების პროცესში ახალ მნიშვნელობებს იძენს, პერსონაჟის დამკვიდრებულ სახეს სხვა ნარატიულ ფუნქციას ანიჭებს და წარმოსახვითი ისტორიის სივრცეში ალტერნატიული გმირის მოდელს ქმნის, რომელიც ეროვნული იდენტობის განსხვავებულ ხედვას წარმოაჩენს.
საკვანძო სიტყვები: ჰიპერტექსტი; ჰიპოტექსტი; აკა მორჩილაძე; ილია ჭავჭავაძე; ისტორიული ნარატივი; ალტერნატიული ისტორია.





