ქალაქური რომანი: ჟანრის პოეტიკისათვის
Resumen
სოციალური, პოლიტიკური და ეკონომიკური პროცესები პირდაპირ აისახება ურბანულ სივრცეზე, რაც, თავის მხრივ, ქალაქის წარმოსახვით ხატში აირეკლება. ქალაქური რომანის ჟანრული პოეტიკის ანალიზისას გადამწყვეტი როლი ენიჭება, თუ როგორ ფუნქციონირებს ქალაქი თხრობაში და რა როლს ასრულებს იგი მხატვრულ სტრუქტურაში. ქალაქური რომანი, როგორც წესი, ქალაქს ორგანულ მთლიანობად განიხილავს და მის მწყობრ, თანმიმდევრულ, ტოტალურ ხედვას აყალიბებს. მას არ აინტერესებს მხოლოდ ადგილობრივი კოლორიტული დეტალები თუ ანეკდოტური ხასიათის ქალაქური ამბები და ინციდენტები. იგი ქმნის უნიფიცირებულ შთაბეჭდილებას, კერძო შემთხვევებს კი ქალაქის ცხოვრების ძირეული პრინციპების გადმოსაცემად იყენებს. იგი გვთავაზობს ქალაქის, როგორც გარკვეულ პრინციპებზე დაფუძნებული ყოფიერების მოწესრიგებული მოდელის, ინტერპრეტაციას. ეს ინტერპრეტაცია ქალაქური რომანის მთელ ფორმალურ სტრუქტურას გამსჭვალავს, ცალკეული ურბანული გამოცდილების აღწერა კი ეპიზოდურ ხასიათს ატარებს. წინამდებარე კვლევის მიზანია ქალაქური რომანის, როგორ ჟანრის, პოეტიკის სპეციფიკის დადგენა. ქალაქური რომანის ავტორი, როგორც წესი, საკუთარ თუ მთხრობლის/პერსონაჟის პერსონალურ/სუბიექტურ ურბანულ გამოცდილებსა და შთაბეჭდილებებს გვთავაზობს და არა - პრობლემების გადაწყვეტას. ქალაქური რომანი ორგანული მთლიანობაა, სადაც მასალა და ფორმა ესთეტიკურ მთლიანობას ქმნის - ნაწარმოების ფორმის ისეთი ელემენტები, როგორიცაა სტილი, სიუჟეტი, ტონი, თემა და თხრობის სტრუქტურა, გამოხატავენ მწერლის დამოკიდებულებას ქალაქის, როგორც ფიზიკური ადგილის, ატმოსფეროსა და ცხოვრების წესისადმი. ქალაქური რომანი კომპლექსური მთლიანობაა და, შესაბამისად, მისი ანალიზიც კომპლექსურ მიდგომას მოითხოვს. ქალაქის, როგორც ინტელექტუალურ-კულტურული რეალიის, ისტორიული მიმოხილვა ან/და ურბანული გამოცდილების მხატვრული გამოსახვის ფორმების დიაქრონული ანალიზი გვეხმარება მოვხაზოთ ქალაქური რომანის ჟანრული კონტურები.
საკვანძო სიტყვები: ურბანული გამოცდილება; ქალაქური რომანი; რეპრეზენტაცია; ჟანრი; ინტერდისციპლინური.





