პოსტმოდერნისტულ რომანში ისტორიის მხატვრული კონცეფციის გააზრების შესახებ (ქართული მაგალითი)
Resumen
ეროვნული ლიტერატურული ცხოვრების კვლევა მსოფლიო სალიტერატურო პროცესებთან მიმართებით თანამედროვე ლიტერატურათმცოდნეობის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას წარმოადგენს. სწორედ ამ მოცემულობამ განაპირობა ჩვენი არჩევანი - დასავლელი თეორეტიკოსების მოსაზრებათა პრიზმაში გვემსჯელა თანამედროვე ქართულ პოსტმოდერნისტულ რომანში ისტორიის მხატვრული კონცეფციის წარმოჩენის თავისებურებების შესახებ. ცნობილია, რომ ისტორიული წარსულისა და თანამედროვეობის ურთიერთმიმართების გააზრების პრობლემა ყოველ ლიტერატურულ ეპოქაში მეტნაკლები აქტივობით იჩენს თავს. აღნიშნულთან მიმართებით დასავლურ სამეცნიერო წრეებში ინტენსიური მსჯელობა განახლდა XX საუკუნის უკანასკნელი მეოთხედიდან, რომელიც ლიტერატურულ ცხოვრებაში მიმდინარე პროცესების, რომანის ჟანრულად სახეცვლილი ფორმებისა და კონცეპტუალურად განახლებული სტილური თავისებურებების გათვალისწინებით დასავლურ სამეცნიერო სივრცეში ახალ საფეხურად მოიაზრება. დღესდღეობით არავინ დავობს, რომ პოსტმოდერნიზმის ეპოქაში მწერლები დაინტერესდნენ არა ისტორიული წარსულით (ფაქტები, მოვლენები, ისტორიული გმირები...), არამედ მისი ინტერპრეტაციით. სწორედ ისტორიის აღქმის რადიკალურად შეცვლილმა პირობებმა წარმოშვა ისტორიოგრაფიული მეტარომანი, როგორც ისტორიული რომანის ახალი მოდიფიკაცია. კლასიკური ისტორიული რომანის ავტორისგან განსხვავებით, ისტორიოგრაფიული მეტარომანის ავტორს არ აინტერესებს კონკრეტული ისტორიული პერიოდის ავთენტიკურად წარმოჩენა; მისი გმირი საკუთარ „მე“-ს წარსულში ეძებს და პოულობს სხვადასხვა არტეფაქტების სახით (გაცრეცილი დოკუმენტები, ფოტოსურათები, წინაპართა წერილები, დავიწყებული ისტორიები და ა.შ.), რომლებიც ეჭვქვეშ აყენებენ რეალური, საყოველთაოდ აღიარებული ისტორიის ცნებას. ამდენად, ისტორიოგრაფიულ მეტარომანს შეუძლია წარმოაჩინოს ოფიციალური ისტორიისგან განსხვავებული ვერსია წარსულის შესახებ, აწარმოოს დამოუკიდებელი ისტორიული ძიება, რათა „შეავსოს“ ოფიციალური ისტორიის მიერ გამოტოვებული თეთრი ლაქები. წინამდებარე სტატიაში ორი დასავლელი ავტორის - ლინდა ჰატჩენისა და ფრედერიკ ჯეიმისონის - Magnus Opus-ებზე დაყრდნობით განვიხილავთ ორ განსხვავებულ თვალსაზრისს პოსტმოდერნიზმისა და ისტორიული რომანის ურთიერთმიმართების შესახებ და მათ გამოძახილს ქართველი ავტორების, აკა მორჩილაძისა და დათო ტურაშვილის რომანებში.
საკვანძო სიტყვები: ისტორიული წარსული, ინტერპრეტაცია, ისტორიოგრაფიული მეტარომანი.





