არანორმატიული ლექსიკური ერთეულები თანამედროვე ქართული პოლიტიკური და მედიადისკურსის სინტაქსურ კონსტრუქციებში
Resumen
ენის, როგორც სოციალური ფენომენის, ძირითადი არსი საკომუნიკაციო დანიშნულებაა, ზეპირი მეტყველება კი კომუნიკაციის მთავარი ფორმაა. საზოგადოებრივი ურთიერთობების კონტექსტი ცოცხალ მეტყველებაში ვლინდება. გლობალიზაციისა და ტექნოლოგიური პროგრესის პირობებში თანამედროვე ქართული საკომუნიკაციო სფეროს ზეპირი მეტყველების სივრცე გაჯერებულია ნასესხობებითა და არანორმატიული ლექსიკური ერთეულებით − ბარბარიზმებითა და ჟარგონიზმებით. ენა იცვლება და უმკლავდება ეპოქის გამოწვევებს. მდიდრდება ლექსიკური მარაგი და იზრდება ენის ექსპრესიული და ფუნქციური შესაძლებლობა. ყველა ამ პროცესში ზეპირი მეტყველების როლი უმთავრესია. ენობრივი მოვლენები ყველაზე თვალშისაცემი სწორედ ზეპირი მეტყველების ტექსტებშია.
ენა მუდმივად ითვისებს და ასხვისებს ლექსიკურ ერთეულებს. ქართულ ენაში, რომელიც მუდმივ ურთიერთობაში იყო მსოფლიოს სხვა ენებთან, დალექილია მრავალმხრივი ორიენტალიზმისა და მულტიკულტურული გავლენის შედეგი. ენაში სიახლის ასახვისათვის ყოველთვის არაა საკმარისი მშობლიური ლექსიკის რესურსი. არ არსებობს ენა, რომელსაც ლექსიკურ მარაგში უცხო სიტყვები არ მოეპოვება. გლობალიზაციამ ეს მოვლენა ინტენსიური გახადა და მძაფრად წარმოაჩინა. თანამედროვე საკომუნიკაციო სივრცე სავსეა საერთაშორისო უცხოენოვანი ლექსიკური ერთეულებით. პროცესს აქტიური ხასიათი მისცა ტექნოლოგიურმა წინსვლამ. ციფრული კომუნიკაციისა და გლობალური მედიაგავლენის პირობებში თანამედროვე ზეპირ მეტყველებაში მიმდინარე ცვლილებები ენის ევოლუციის ახალ საფეხურადაც შეიძლება განვიხილოთ.
დისკურსი მასობრივი კომუნიკაციის პირობებში საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და მასებზე ზემოქმედების მთავარი ინსტრუმენტია. პოლიტიკური და მედიატექსტები ფართო აუდიტორიაზეა გათვლილი. დისკურსი საკომუნიკაციო გარემოსა და ვითარების ადეკვატურად მოიცავს ყველა იმ ლექსიკური ერთეულს, რომლითაც დროის მოცემული მომენტისთვის სარგებლობს საზოგადოება. თანამედროვე ზეპირი მეტყველების ტექსტებში მრავლად გვხვდება არანორმატიული ლექსიკური ერთეულები. ჩვენი კვლევის ინტერესს წარმოადგენს პოლიტიკურ- და მედიადისკურსში გავრცელებული ბარბარიზმები და ჟარგონიზმები, რომლებიც ტრადიციულ ლიტერატურულ ნორმებს სცდება, თუმცა ბოლო დროის ტენდენციით შთაბეჭდილების გასაძლიერებლად, პრესტიჟულობისა თუ მოდერნულობის ხაზგასასმელად აქტიურად გამოიყენება პოლიტიკოსთა და ჟურნალისტთა საჯარო ზეპირ მეტყველებაში.
საკვანძო სიტყვები: ზეპირი მეტყველება, სინტაქსური კონსტრუქციები, დისკურსი, ბარბარიზმი, ჟარგონიზმი





