არაპოპულარული თემის რისკი და საპირისპირო რაკურსი მხატვრულ ტექსტში

  • Giorgi Khorbaladze ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0003-0453-8521

Resumen

მწერლობა რომ ზოგადად იოლი საქმე არ არის, ამას ჩვენი მტკიცება არ სჭირდება, თუმცა, ხშირად მწერალი არა მხოლოდ წმინდა პროფესიული სირთულეების წინაშე დგას, არამედ მას უწევს მოძრაობა აუცილებელსა და შესაძლებელს შორის. დილემური სიტუაციების არსი და მიზეზები იცვლება დროსა და ეპოქასთან ერთად, რადგან ყოველ ეპოქას მეტ-ნაკლებად ახლავს სპეციფიური გამოწვევები, რომელიც თავის არიდებას კი არა, პირისპირ შებმას ითხოვს მწერლისაგან. ამ პრინციპზეა აგებული ჩვენი უმთავრესი საგანძური ,,ვეფხისტყაოსანი“, სადაც ერთი ეპოქის, ერთი სახელმწიფოს ორი ალტერნატიული რეალობა სწორედ იმიტომ დახატა გენიალურმა რუსთველმა, რომ აუცილებლად სათქმელი შესაძლებელიც გაეხადა და შეუძლებლობის საზღვრებიდან გარეთ გამოეტაცა. იმავე პრინციპზე დგას ილიას ,,კაცია ადამიანი“, მწერალს ამ შემთხვევაშიც, აბსოლუტურად ესმოდა რისკი, რომელიც, მის მოთხრობას უცილობლად თანმდევად გაუხდებოდა, რამდენადაც ადამიანებს არ უყვართ უარყოფითი მხრიდან საკუთარი თავის შეთვალიერება, მაგრამ ,,სარკე“ აუცილებელი იყო საზოგადოებისათვის და ვინ-ვინ და, ილია ნამდვილად ვერ დაუმალავდა თანამოძმეთ თავის მოწესრიგების ამ აუცილებელ საშუალებას. იგივე პრინციპით დაიწერა მიხეილ ჯავახიშვილის ,,ჯაყოს ხიზნები“ და ინდივიდუალურ ჩამოთვლას აქ რომ დავჯერდეთ, ზოგადად, ასე იქმნებოდა საბჭოთა პერიოდის ქართული ლიტერატურის უდიდესი ნაწილი, სადაც ეროვნული თვითმყოფადობის პრობლემა ისე უნდა გამოხატულიყო, რომ ტექსტი ერთდროულად მკითხველისათვის გასაგები და ცენზურისათვის თვალის ამხვევი ყოფილიყო.

ჩვენთვის, როგორც მიმდინარე ლიტერატურული პროცესების შესწავლით დაინტერესებული მკვლევრისათვის, ძალზე საინტერესოა დღეს, თანამედროვე საქართველოში და თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში რომელი საკითხებიზე და რომელი პოზიციებიდან წერაა თემატურად არაპოპულარული, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად საჩოთირო. ჩვენი დაკვირვებით, რამდენიმე ამდაგვარ საკითხს შორის, ერთ-ერთი უთუოდ არის და საკმაო იშვიათობას წარმოადგენს ომის თემატიკაზე შექმნილ ტექსტებში ნაციონალური მნიშვნელობის კრიტიკული ნააზრევის მოძიება. ოღონდ კრიტიკაში არ ვგულისხმობთ მარტოოდენ მაღალი რანგის ფიგურანტებს, ან პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენი ინტერესის საგანს უბრალო ადამიანები წარმოადგენენ, ანუ, საზოგადოება როგორც შეცდომათა თანამონაწილე, ეს კი გაცილებით უფრო საფრთხილო თემაა როგორც ჩანს, ალბათ იქიდან გამომდინარე, რომ მკითხველი უშუალოდ შეიცნობს საკუთარ თავს და თანამონაწილეობის სინდისისმქენჯნავი განცდა აწუხებს, ამდენად, ეს გახლავთ პრობლემის ის რაკურსი და ის გადასახედი, რომელიც ყოველმიზეზგარეშე გასააზრებელია და თუნდაც ათასით ერთი იყოს სამართლიანობის ანგარიში ჩვენს სასარგებლოდ, არც ის ერთი უნდა დარჩეს ყურადღების მიღმა თუ გვსურს, რომ გავლენა და შედეგი ლიტერატურისა ადამიანამდე მივიდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მწერალი როგორც ერთგვარი ზნეობრივი მკურნალი ნახევრადმკურნალობის ამარა ტოვებს საკუთარ მკითხველს.  

 

საკვანძო სიტყვები: ომი, ლიტერატურა, ,,ჩრდილების თეატრი", გიორგი სოსიაშვილი.

Publicado
2025-12-28
Sección
სამეცნიერო სტატიები - ლიტერატურა, კულტურული პარადიგმები, ფოლკლორის განყოფილება.