წმინდანის გარეგნობა (პორტრეტი) ქართულ ჰაგიოგრაფიაში
Resumen
სტატია მიმოიხილავს წმინდანის პორტრეტის ასახვის თავისებურებებს ქართულ ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში. ნაშრომში წარმოდგენილია, თუ როგორ წარმოაჩენენ შუა საუკუნეების ავტორები წმინდანთა გარეგნობას, რა ფაქტორები განაპირობებს მათ მიდგომებს და რა განსხვავებები იკვეთება ორ კულტურულ კონტექსტში: ბიზანტიურსა და ქართულში.
კვლევაზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქართული ჰაგიოგრაფია, საერთო ქრისტიანული ტრადიციის შესაბამისად, უპირატესობას ანიჭებს წმინდანის სულიერ სამყაროს და იშვიათად ამახვილებს ყურადღებას მის ფიზიკურ აღწერილობაზე და როცა ამახვილებს, გარეგნობა სულიერი სიდიადის გამოხატულებად ან ინდივიდუალობის ხაზგასასმელად გვევლინება. განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა „შუშანიკის წამებას“, „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებასა“ და „დავითისა და კონსტანტინეს წამებას“.
ბიზანტიური ჰაგიოგრაფია გარეგნული სილამაზის მიმართ ამბივალენტურ დამოკიდებულებას ავლენს. ხატმებრძოლობის შემდგომ პერიოდში, ხატთაყვანისცემის აღდგენის კონტექსტში, წმინდანთა ვიზუალურ ასპექტს უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება, რაც აისახება ჰაგიოგრაფიულ ტექსტებში გარეგნობის დეტალური აღწერებით. სტატია ხაზს უსვამს, რომ საქართველოში ხატმებრძოლობის არარსებობამ განაპირობა უფრო სტაბილური მიდგომა წმინდანთა პორტრეტებისადმი ჰაგიოგრაფიულ თხზულებებში.
საკვანძო სიტყვები: პორტრეტი; ქართული ჰაგიოგრფია; ბიზანტიური ჰაგიოგრაფია; ხატი; გარეგნობა.





