ომის რეფლექსია ნანა აკობიძის ტრილოგიაში „სამი ომი“
Resumen
ომზე ყოველთვის წერდნენ, მაგრამ ერთი საუკუნის წინ, მე-20 საუკუნის 20-იან წლებში „დაკარგული თაობის“ ლიტერატურამ ამ თემას სისტემური ხასიათი მისცა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ ჰერტრუდა სტაინის ცნობილი გამონათქვამით ინსპირირებულმა არაერთმა მწერალმა მიუძღვნა ომს, მინიმუმ, ერთი წიგნი. ამ ავტორებს შორის არიან: ფრენსის სკოტ ფიცჯერალდი, ერიხ მარია რემარკი, რიჩარდ ოლდინგტონი, ქართველებისთვის განსაკუთრებით საყვარელი მწერალი ერნესტ ჰემინგუეი. რომანი „მშვიდობით, იარაღო“ „დაკარგული თაობის“ ლიტერატურის კლასიკურ ტექსტად და მშვიდობის ერთ-ერთ მანიფესტად იქცა. მისგან განსხვავებით, ჰემინგუეის გენიალური მოთხრობა „პეპელა და ტანკი“ ომს თითქოს სხვა რაკურსით წარმოაჩენს. პეპელა ვერასდროს დაამარცხებს ტანკს, მაგრამ მაინც ბოლომდე ებრძვის, უკან არ იხევს, უსამართლობასთან შეწინააღმდეგება აძლიერებს. მეორე მხრივ, სწორედ „პეპელა“ (რაფინირებულობისა და მოწყვლადობის ენიგმა) ეწირება ყველაზე მეტად ომის სისასტიკეს, ძალადობას. ბოლო დროს აქტუალური გახდა ქალის თვალით დანახული სისასტიკე, მამაკაცური რაკურსიდან მზერა „პეპელაზე“ გადმოვიდა და აქამდე უცნობ დეტალებზე, ნიუანსებზე გამახვილდა ყურადღება.
საკვანძო სიტყვები: ომის პარადიგმა, ტრავმული მეხსიერება, ქალთა ნარატივი.





