ამერიკისა და საბჭოთა კავშირის რეფლექსია-რეცეფციები მოთხრობაში ,,ოდისევსის დაბრუნება“
Resumen
ნოდარ დუმბაძის შემოქმედებაში ერთობ თავისებური, საკმაოდ განსხვავებული და შედარებით ნაკლებადცნობილი მოთხრობაა ფართო საზოგადოებისათვის მხატვრულ-დოკუმენტური სამოგზაურო პროზის ნიმუში „ოდისევსის დაბრუნება“. ნაწარმოებს, როგორც ჟანრობრივი სახელდებისასაც გავუსვით ხაზი, რეალური ამბები უდევს საფუძვლად, რაც ნოდარ დუმბაძის მწერლურ ნიჭიერებას მხატვრულ ქარგაში მოუქცევია და საინტერესო მოთხრობად გადაუქცევია, ოღონდ - დოკუმენტურობის აშკარა დაცვით.
საბჭოთა ეპოქაში მოღვაწე მწერალი, სხვა საბჭოთა მწერლებთან ერთად, მიდის ამერიკის სანახავად, რაც, მაშინდელი რეალობის გათვალისწინებით, ერთგვარად, აღიქმება როგორც აკრძალული ხილის დაგემოვნება და, ბუნებრივია, ვიზიტს ჰქონდა დეკლარირებული და არადეკლარირებული მისიაც. დეკრალირებული მისია გახლდათ ის, რომ კულტურული ურთიერთობა და თანამშრომლობა შემდგარიყო საბჭოთა კავშირსა და ამერიკას შორის, არადეკლარირებული კი - ის, რომ მწერლებს, საბოლოო შეჯამებისას, საკუთარ შემოქმედებაში უნდა გამოეხატათ პათოსი, რომ საბჭოთა კავშირს ვერაფერი შეედრება და რომ ამერიკა, მასთან შედარებით, სრულიად დაჩრდილული გამოიყურება ყველა ასპექტში. რა თქმა უნდა, ამის ასე იმპერატიულად დაწერას არ ექნებოდა ეფექტი და მეტიც, გააჩენდა მიკერძოებულობის განცდას, ამიტომ, ამგვარი პათოსი უნდა გაშლილიყო შემოქმედებითად. ეს ლოგიკური დასკვნა გახლავთ და, ბუნებრივია, დირექტივა ჩვენ არ მოგვისმენია, თუმცა საყოველთაოდ ცნობილია რა, ინფორმაცია იმდროინდელ საბჭოთა მიდგომებზე, გასაგებია, რომ ამერიკაში წასვლა, მით უფრო, მწერლების ჯგუფის, დეტალურად დაიგეგმებოდა და გაკონტროლდებოდა იმპერიის უმაღლეს ეშელონებში; ეს ყოველივე გვაძლევს უფლებას დარწმუნებულები ვიყოთ ჩვენი მოსაზრების სისწორეში. ამ ვალდებულებისგან თავის დაღწევა ურთულესი ან სულაც შეუძლებელი იქნებოდა, თუმცა, ნოდარ დუმბაძე სხვა ფენომენია, ის გამორჩეული ხელოვანია და იცის, როგორ უნდა იმოქმედოს, რათა ობიექტურიც დარჩეს, დაკვეთასაც „უპასუხოს“ და მაინც, არავითარ შემთხვევაში, მკითხველი არ მოატყუოს.
საკვანძო სიტყვები: ნოდარ დუმბაძე, რეალისტური პროზა, საბჭოთა კავშირი, ამერიკა.





