ზოგიერთი ლექსიკური ერთეულისათვის სამხრულ კილოებში

  • Maia Baramidze ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი, ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. ბათუმი, ნინოშვილის 35, 6010, საქართველო, http://orcid.org/0000-0001-8266-086X

Resumen

ჭოროხის ხეობის მკვიდრთა და მუჰაჯირთა შთამომავლების მეტყველების შესწავლამ გვიჩვენა, რომ ჭოროხის აუზი არის ერთიანი კულტურული სივრცე. ამ არეალის ქართულს სამხრულ მეტყველებას ვუწოდებთ - აჭარული, შავშური, კლარჯული და ტაოური ქმნიან სამხრულ დიალექტებს.

აჭარული, შავშური, კლარჯული, ტაოური დიალექტების შესახებ არსებული გამოკვლევები საშუალებას გვაძლევს, გამოვკვეთოთ ზოგიერთი მახასიათებელი, რომლებიც საერთოა სამხრული მეტყველებისთვის.

სამხრული კილოების ლექსიკა მრავალფეროვანია და მრავალმხრივ საინტერესო. ნაშრომში წარმოვადგენთ სამხრული კილოებისთვის დამახასიათებელ იმ ლექსიკურ ერთეულებს, რომელთაგან ზოგი დასტურდება იმავე ან განსხვავებული მნიშვნელობით ქართული ენის სხვა დიალექტებში, ასევე ქართული სამწერლობო ენის ძეგლებში. ამდენად საკითხი საინტერესო იქნება ქართული სალიტერატურო ენისა და სამხრული დიალექტების ურთიერთმიმართების დასადგენად.

ნაშრომში განხილულია შემდეგი ლექსიკური ერთეულები: გაკეთება (კარგად გახდომა, გამოკეთება, გალამაზება); ღარჭი (ბიჭი, ვაჟიშვილი); წვე (ძალიან); გადალაბიჯება (დიდი ნაბიჯის გადადგმა); ნაჩარი (ცუდი); ჭოჭე (ატალახებული, ჭაობიანი ადგილი); მერჩოლება (მაწყენს); იმფოსერთი (განსაკუთრებით)...

ამ და სხვა ლექსიკური ერთეულების მნიშვნელობათა ანალიზმა გვიჩვენა, რომ მათ ყველა სამხრულ კილოში ერთი და იგივე მნიშვნელობა აქვთ, თუმცა ზოგჯერ მათი მნიშვნელობა განსხვავებულია. 

სამხრული კილოები ქართული ენის სხვა დიალექტებთან შედარებით მეტ სიახლოვეს, ბუნებრივია, ავლენს სამცხურ-ჯავახურთან, მესხურთან. ზოგიერთ სიტყვას პარალელი ეძებნება ჯავახურში. რამდენიმე დასტურდება ძველი ქართული მწერლობის ისეთ ძეგლებში, როგორებიცაა: ,,რუსუდანიანი’’, ,,ქილილა და დამანა’’... რაც საინტერესო მასალას გვაძლევს სამხრული დიალექტებისა და ქართული სამწერლობო ენის მიმართების შესასწავლად.

კვლევის შედეგები სარწმუნოს ხდის ჩვენს ვარაუდს, რომ აჭარული, შავშური, კლარჯული, ტაოური არის სამხრული მეტყველების დიფერენციაციის შედეგი, გულისხმობს საერთო ფონეტიკურ და გრამატიკულ გარდაქმნებს, მათ ბევრი აქვთ საერთო ლექსიკაში.

 

საკვანძო სიტყვები: სამხრული კილოები; აჭარული; შავშური; კლარჯული, ტაოური; ლექსიკა; ქართული სამწერლობო ენა.

Publicado
2025-06-25
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია