მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსების ფონეტიკური ცვლილებები ფრონის ხეობის მეტყველებაში

  • Mariam Koberidze ფილოლოგიის დოქტორი, გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქ. გორი, ი. ჭავჭავაძის ქ. #53, 1400, საქართველო, http://orcid.org/0000-0002-6604-1628

Resumen

წარმოდგენილ სამეცნიერო სტატიაში განხილულია  ფრონის ხეობის მეტყველებაში  მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსების ფონეტიკური ცვლილებების ტენდენია, რეალიზაციის შემთხვევები და სიხშირე. კვლევა ემყარება სხვადასხვა დროს ჩაწერილ და  გამოქვეყნებულ დიალექტურ  ტექსტებს. ფრონის ხეობის მეტყველება გარდამავალ ზონას წარმოადგენს შიდაქართლურსა და დასავლურ ქართლურს შორის. ამ ხეობაში დასტურდება   ქართლურთან იმერულის, მესხურ-ჯავახურის, რაჭულისა და გურულის სამეტყველო კოდთა შერევის შემთხვევები.

ხმოვანთკომპლექსთა ცვლილება უპირატესად დადასტურდა სიტყვის თავკიდურ  და ბოლოკიდურ პოზიციაში. საყურადღებოა, ასიმილაციისა და დისიმილაციის გამოვლენის სამი მარკერი: ლოკალური რიგი (საწარმოთქმო ადგილი), ღიაობა (აწეულობა) და ლაბიალურობა.

ზმნისწინისეული ხმოვანი იცვლება კომპლექსებში რეგრესული, კონტაქტური, სრული ასიმილაციის შედეგად.   აეეე: ეეწია (←აეწია),  დეეჯახა (←დაეჯახა),  გეეხარდა (←გაეხარდა), გადეეხვია (←გადაეხვია), წეეჩხუბა (←წაეჩხუბა), ჩეესვა (←ჩაესვა). ოეეე: მეეშველება (←მოეშველება), მეეწონა (←მოეწონა), მეეყვანა (←მოეყვანა). ოა აა: მაახსენებს (←მოახსენებს) . კომპლექსთა ცვლილება ხდება არა მარტო მეზობლად მყოფ ხმოვნებს შორის, არამედ დისტანციურად, თანხმოვნით დაშორებულ ელემენტებს შორისაც, განსაკუთრებით, მაშინ, როდესაც ზმნას რთული ზმნისწინი დაერთვის.  ცვლილებას განიცდის რთული ზმნისწინის ორივე ხმოვნითი ელემენტი:  გემეერჩია (←გამოერჩია), წემეეყვანა (←წამოეყვანა).

ზნისწინისეული ხმოვანი იცვლება კონტაქტური, რეგრესული, სრული დისიმილაციის შედეგად.  ეე აე: შაეფერებოდა (←შეეფერებოდა).  აა აე : გადევიღოთ (←გადავიღოთ).

კვლევამ აჩვენა, რომ ფრონის ხეობის მეტყველებაში მორფემათა ზღვარზე ხმოვანთკომპლექსთა ფონეტიკური ცვლილებების ძირითადი ტენდენციები საერთო ქართულია, თუმცა დასტურდება გარკვეული მოდიფიკაციებიც, რომელიც განპირობებულია  ქართლური დიალექტის შინაგანი კანონებით, მოსახლეობის მიგრაციითა და სამეტყველო კოდთა  შერევით. 

 

საკვანძო სიტყვები: ქართლური დიალექტი, ფრონის ხეობის მეტყველება, ხმოვანთკომპლექსები, მორფემა, ფონეტიკური ცვლილება.

Publicado
2025-06-23
Sección
სამეცნიერო სტატიები - ენათმეცნიერების სექცია