კულტურის გავლენა ენის ფორმირებაზე
Resumen
თანამედროვე მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში, როდესაც მთელი მსოფლიო საზოგადოება მიდის გლობალიზაციის გზით, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ლინგვოკულტუროლოგიური ხასიათის კვლევები, რომლებიც გამოკვეთს ზოგადსაკაცობრიო კულტურის სახეს და ამავე დროს წარმოგვიდგენს ცალკეული კულტურის სპეციფიკასა და თვითმყოფადობას. ამგვარი კვლევები უაღრესად ფასეულია მცირერიცხოვანი ერების კულტურებისათვის, როგორც თვითმყოფადობის შენარჩუნების მძლავრი იარაღი. ლინგვოკულტუროლოგიაში ენა განხილულია კულტურასთან, ადამიანის აზროვნებასთან, ფსიქიკასთან და სულიერებასთან მჭიდრო კავშირში. ენისა და კულტურის ურთიერთმიმართებას უპირველესად განსაზღვრავს ადამიანი თავისი მენტალობით, ემოციებით. ენის განსაკუთრებული როლი კულტურასთან მიმართებაში განპირობებულია იმით, რომ იგი კულტურის არსებობის, გაცნობიერებისა და განვითარების ძირითადი საშუალებაა.
მეტყველების იდიომატურობა სასაუბრო სტილის მუდმივი და მნიშვნელოვანი თავისებურებაა. არსებობს სხვადასხვა გზა და საშუალება იმისათვის, რომ ჩვენი მეტყველება უფრო მრავალფეროვანი გახდეს. ნებისმიერი ენა იძლევა უამრავ საშუალებას, რათა ჩვენს აზრებსა და შეგრძნებებს სრული ემოციური გამომსახველობა მიენიჭოს. ჩვეულებრივ და სპონტანურ დიალოგებში მოსაუბრენი არა მხოლოდ ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ აზრებს ან ერთმანეთს უცვლიან სხვადასხვა ინფორმაციას, არამედ ასევე, ენობრივი საშუალებებით გადმოცემენ თავიანთ გრძნობებსა და ემოციებს, რომლებიც გამოსახავენ ადამიანთა იმ მდგომარეობას, რომელშიც ისინი იმყოფებიან, ამიტომ სომატური იდიომები, რომლებიც კულტურული გავლენის საფუძველზე წარმოიშვა, ზოგადად მცირე დოზით მოგვეწოდება, მაგრამ ნებისმიერ ენაში ადგილი აქვს ისეთ შემთხვევებს, როდესაც ზოგიერთი სომატური კომპონენტი კონკრეტულად ასახავს ერის კულტურისათვის დამახასიათებელ ნორმებსა და წეს-ჩვეულებებს.
ენაში ასახვას პოულობს ადამიანის შემოქმედებითი (შემეცნებითი) მოღვაწეობის მთელი მრავალფეროვნება, რომლის შედეგებიც მკვიდრდება ენაში. მასში აისახება იმ პირობების უსასრულო მრავალფეროვნება, რომლებშიც ხდება ადამიანის მიერ ცოდნის დაგროვება სამყაროს შესახებ.
საკვანძო სიტყვები: ლინგვოკულტუროლოგია, ენა და კულტურა, სომატური იდიომები, სომატური კომპონენტი.





